გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ - მელაშვილის ადვოკატი

პუბლიკა

ივერი მელაშვილის ადვოკატი სასამართლო განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, ივერი მელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს, უკანონოა.

„რეალურად არ არსებობდა ბრალდების მხარის შუამდგომლობის დამადასტურებელი რაიმე ფაქტობრივი მტკიცებულება, რაც დაასაბუთებდა, რომ მიიმალებოდნენ, გაანადგურებდნენ მტკიცებულებას, ჩაიდენდნენ ახალ დანაშაულს და მართლმსაჯულებას ხელს შეუშლიდნენ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, თუმცა ვფიქრობ, საზოგადოებრივი წნეხიდან და ბრალდების სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა მოსამართლემ. ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებთ და გავაგრძელბთ ბრლადებულების შემგდომ დაცვას, რადგან ისინი უდანაშაულოები არიან ამ საქმეში“, – განაცხადა მარიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

დაკავებულების ადვოკატები სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვდნენ, ვინაიდან საქმე მოცულობითია და მისი გაცნობა ვერ მოასწრეს. ბრალდების მხარე მათ არგუმენტებს არ იზიარებდა და სხდომაზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის გადადების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა და სხდომა არ გადადო.

დაცვის მხარემ, კერძოდ, ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, ივერი მელაშვილის ადვოკატი კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.


პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.