გადაწყვეტილებით კმაყოფილი ვარ, საქმეზე გამოძიება ხელახლა უნდა ჩატარდეს - მაჩალიკაშვილი

პუბლიკა

მართალი გითხრათ, ამ გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ეს საქმე, ასე თუ ისე, ამბობს, რომ გამოძიებას უნდა დაუბრუნდეს და ხელახალი გამოძიება ჩატარდეს, – ასე აფასებს მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„მოლოდინი გამართლდა. გადაწყვეტილებაში რაც დავინახე, ძირითადში, ჩემი ხედვით ჩანს, რომ ვინც ეს დანაშული ჩაიდინა, სუს-მა, მან თვითონვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება და მაინც ვერ შეძლო სათავისოდ დაედო ეს მასალა. რაც შეეხება გასროლის ნაწილს, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ეს საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი მოკლა სახელმწიფომო. ვერ გამოიძიეს, არ გამოიძიეს ეს საქმე, ამიტომაც მაგ ნაწილში ასეა.

ჩემთვის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი დარღვევა, საქმე არ არის ეფექტურად გამოძიებული. ამავდროულად, მაშინვე მიზანმიმართულად მოხდა ყველაფერი ისე, რომ სტრასბურგშიც ჩვენ მთლიანად არ გავმართლებულიყავით. ამიტომ არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რადგან ეს დარღვევები, რომლებიც იყო, ხელმეორედ არ გაგვესაჩივრებინა…

იმდენი დარღვევა იყო, სტრასბურგის გამოძიებამ ვერ დაადგინა და ამიტომაც ისინი მსჯელობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან გამოძიებული ფაქტები, რომ ვთქვათ, დიახ, სწორად მოიქცნენ, ან ვთქვათ, არასწორად არის ჩადენილი“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.