„ეს არის დასასრული რეჟიმის“, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მისი პარტიის ოფისთან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მისვლას.
„გავრილოვის გამო ქართველი ერისთვის სულში შეურაცხყოფისთვის და იმის გამო რომ ქართველმა ხალხმა გაბედა და ხმა აიმაღლა…გადიან, ეს არ არის შემოსვლა და ეს ხელისუფლება გავა არაფორმალური მმართველობიდან და მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. გავრილოვის გამო არც ერთი საქართველოს მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს, ხვალ რომ 20 ივნისი გაიმეოროს ხელისუფლებამ, არ უნდა გააპროტესტონ, ეს იმას ნიშნავს.
ღარიბაშვილო და ივანიშვილო თქვენ ხართ კლასიკური გაგებით ამ სახელმწიფოს მოღალატე და ნებისმიერი იმ ქვეყნის მოღალატე იქნებოდით, სადაც დაიბადებოდით. პატივი არის ის ბრძოლა, რომელშიც ვართ. ვერც ერთ შემთხვევაში ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლებისმოყვარულ ხალხს, გააპროტესტონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა“, – განაცხადა ნელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და მოუწოდა როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
„პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, – აცხადებს უწყება.