გაჟღერებული მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღესდღეობით აღარ არის სიზმარი - ტიკარაძე

პუბლიკა

„გაჟღერებული მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღესდღეობით აღარ არის სიზმარი. მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ვადების დაზუსტება, როდესაც ეს ვაქცინა იქნება ქვეყანაში ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას განაცხადა.

„გარდა „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინისა, ჩვენ ასევე ვაწარმოეთ არაერთი მოლაპარაკება ჩინურ მხარესთან, რომლის შედეგიც სახეზეა და დღესდღეობით „სინოფარმის“ 100 ათას დოზაზე რეგისტრირდებიან მოქალაქეები და აქტიურად სურთ მისი გამოყენება. ასევე არის „სინოვაკზე“ ხელმისაწვდომობა. დღესდღეობით ჩვენს მოქალაქეებს აქვთ გარანტია იმის, რომ ისინი უწყვეტად მიიღებენ 350 ათას დოზა „სინოფარმის“ ვაქცინას, მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას და ასევე 100 ათასამდე დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. სწორედ დღეს ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა „ჯონსონი & ჯონსონის“ მწარმოებელი, რომელიც რამდენიმე თვის წინ უარს აცხადებდა საქართველოსთან მოლაპარაკებაზე.

დღეს ისიც მზად არის, რომ ჩვენთან პირდაპირ მოლაპარაკებებში შემოვიდეს და გავიაროთ კონსულტაციები. ასევე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთან“ რაოდენობასა და ვადებზე. თითოეული ეს მოლაპარაკება გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ამიტომ მეტ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ვაქცინების უსაფრთხო მოწოდება და ხარისხიანი ვაქცინები ჩვენს მოქალაქეებს შემდეგ პერიოდში ექნებათ“, – განაცხადა ტიკარაძემ.