რა გახდა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი – მისი ოჯახი ექსპერტიზის გადამწყვეტ დასკვნას ელოდება. გიორგი შაქარაშვილის ბიძა ამბობს, რომ მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებას დაეყრდნობა, მითქმა-მოთქმასა და ჭორებს კი არ აჰყვება. მირიან ნიკოლაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აქვს ტანზე და სახის არეში.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რამ გამოიწვია და როდის მიიღო ბავშვმა ეს დაზიანებები, სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ, თუ ბავშვის მიმართ განხორციელებულია რამე სახის ძალადობა. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ამბავი იქნება ისეთი, როგორიც შეიძლება არ ენახოს დღემდე საქართველოს. არაფერზე გამჩერებელი არავინ არ არის”, – აცხადებს ნიკოლაძე.
გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებების არსებობას ადასტურებს დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე. მან მედიასთან განაცხადა, რომ გარდაცვლილის სხეული კომპლექსურად გამოიკვლიეს. პირველადი მონაცემებით კი, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ სხეულს აღენიშნება დაზიანებები ბლაგვი ტრავმის სახით თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ახლა ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა თუ ბლაგვი ტრავმის შედეგად და შემდეგ აღმოჩნდა წყალში.
„რა დაზიანებები ჰქონდა და იყო თუ არა დაზიანებები სიცოხლისდროინდელი, დადგინდება საკითხი – დაზიანებების ხასიათის. შემდგომ დროის ეტაპზე, ალბათ, გამოძიება წარმოადგენს თავის ვერსიებს დაზიანებების მიღების შესაძლო ვერსიებზე, მოწმეების ჩვენებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ექსპერტმა.
რა მოხდა მცხეთაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მოგვიანებით დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა, 4-დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად კი მისი ცხედარი მდინარის კალაპოტში აღმოაჩინეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 18 ივნისს, საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღეზე. ამ დაბადების დღეზე, დაახლოებით, 35-40 ახალგაზრდა იყო შეკრებილი. მათი ნაწილი ერთმანეთს არ იცნობდა.
ერთი-ერთი მოწმის ადვოკატის თქმით, გიორგი შაქარაშვილი და მისი ორი მეგობარი, აგარაკზე დაწყებული კონფლიქტისთვის თავის ასარიდებლად წვეულებას ტოვებენ და გზაზე გამოდიან.
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა შაქარაშვილთან ერთად მყოფი გური ამირხანაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ის ჰყვება, რომ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ორი მანქანით ლისზე წავიდა, რათა დაბადების დღის აღნიშვნა იქ გაეგრძელებინათ. ვინც მანქანაში ვერ ჩაეტია, ფეხით წამოვიდა. ამირხანაშვილის თქმით, გზაზე მათ უჩერებს მანქანა, მანქანიდან გადმოსული პირები კი „დრინს“ ურტყამენ გურისა და გიორგის თანმხლებ პირს. გური და გიორგი გაიქცნენ. როცა მანქანა წავიდა, ბიჭები ნაცემის დასახმარებლად ბრუნდებიან, თუმცა ამ დროს მეორე მანქანაც მოდის და ბიჭები ისევ გარბიან. ამირხანაშვილი ამბობს, რომ გაქცევის დროს ის ხევში გადავარდა, სადაც მანქანაში მსხდომებმა იპოვეს და თბილისში წამოიყვანეს.
„შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე და სხვა გზით მომიწია წასვლა. უკვე კუდზე მყავდნენ, რა და გადავვარდი ხევში. შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდე ერთი ტიპი. მაგის მერე არ მინახავს.
[თბილისში რომ მოვყავდი] იმის ფიქრებში ვიყავი, რა რომ ეს გაქცეულები ვინც იყვნენ, თავს უშველიან. არც ვიცოდი, იქ გამიჩერებდნენ, არ გამიჩერებდნენ, მარა მეთქი, კაი, „დაიკიდე” ჩემი თავი, „ლიჟბი” ამათმა გაასწრონ“, – ამბობს ჩანაწერში ამირხანაშვილი.
მოგვიანებით გური ამირხანაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს კომენტარი ტელეკომპანიისთვის არ მიუცია, თუმცა არ უარუყვია, რომ სატელეფონო ჩანაწერში ის ფიგურირებს.
ვინ გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დღეს სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ცალკეულ პირთა ექსპერტიზა ჩატარდა, ხოლო მცხეთის პოლიციაში მოწმეები გამოკითხეს.
ექსპერტიზის ბიურო დატოვა ვახო ახვლედიანმა. მედიის ინფორმაციით, ის ერთ-ერთია, ვინც გიორგი შაქარაშვილთან და მეგობრებთან ერთად მცხეთის წვეულება დატოვა, გზატკეცილზე კი მათ თბილისიდან ამომავალი ახალგაზრდები შეხვდნენ და ფიზიკურად, ბლაგვი საგნით გაუსწორდნენ.
იმას, რომ ახვლედიანმა ფიზიკური დაზიანებები გზატკეცილზე მიიღო, მედიასთან ადვოკატი მზია ქასრაშვილი ადასტურებს.
„ცხვირი აქვს გატეხილი და შუბლი აქვს გატეხილი. დაზიანებები ხიდზე მიიღო. რკინის, რაღაცა ლითონის ჯოხი ჰქონდათ ხელშიო“, – ამბობს მედიასთან ადვოკატი.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა გური ამირხანაშვილს. მას საქმის „ოქროს მოწმედ“ იხსენიებენ, რადგან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებამდე ის ფეხბურთელთან ერთად იმყოფებოდა. ამირხანაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გური ამირხანაშვილის გარდა, დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მძღოლს და მასთან ერთად მყოფ პირს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ წამოიყვანეს გური ამირხანაშვილი გზატკეცილიდან თბილისში. აღნიშნული მოწმეები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მათ ფიზიკური დაზიანებები არ აქვთ. როგორც კობაიძე ამბობს, გამოძიება ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ.
„ეს ვარაუდი რომ გამოირიცხოს, გამოძიებამ გადაწყვიტა, სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდეს კიდევ ერთხელ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არც წვეულებაზე იმყოფებოდნენ და არც დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. ისინი სიტუაციის განსამუხტავად წავიდნენ. როდესაც მივიდნენ, კონფლიქტი შემდგარი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, აქ ორი მხარეა, საბურთალოელები და ნახალოვკელები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები დაიბარა დასახმარებლად ნახალოვკის მხარემ, თუმცა მაგისტრალზე ინციდენტი უკვე დასრულებული იყო”, – ამბობს კობაიძე.
ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქმეში კიდევ ერთი მოწმე ჩნდება. ფოტოგრაფი, რომელიც გაქცევის დროს, სავარაუდოდ, გიორგი შაქარაშვილთან და გური ამირხანაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
„როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანამ დაამუხრუჭა, მაგისტრალზე 4 პირი გაიქცა, მათ შორის – ფოტოგრაფი. ჩემი შეფასებით, ის ერთ-ერთი თვითმხილველი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონეა”, – აცხადებს კობაიძე. ფოტოგრაფის შესახებ ინფორმაციას ფლობს ასევე შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძეც.
ექსპერტიზა ჩაუტარდა ერთ არასრულწლოვანსაც, რომლის ადვოკატი ამბობს, რომ ის წვეულებაზე იმყოფებოდა, მაგისტრალზე კი არა. მონაწილეობდა თუ არა კონფლიქტში, ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს არაფერი უთხრა.
„მას არ აღენიშნება დაზიანებები არც სხეულზე, არც სახეზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო წვეულებაზე. მას შემდეგ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ინფორმაცია არ აქვს”, – აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.
მოწმის სახით ასევე გამოიკითხა კიდევ ერთი პირი.
„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ დეტალიზაციისგან და, მით უმეტეს, მისი სახელი-გვარის დასახელებისგან. ნამდვილად ეს პირი გამოკითხული არის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ჩავაბაროთ ანაბეჭდის ნიმუში, დე-ენ-ემის ნიმუში, ამიტომ ვართ დღეს აქ მოსულები”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი გელხაური. მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სტატუსითაა გამოკითხული, რადგან კონფლიქტზე ინფორმაციას ფლობს, თუმცა, ადვოკატის მტკიცებით, შაქარაშვილს არ იცნობდა.