„გაძლევთ გონივრულ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას" - პოლიციელი გოლეთიანს

პუბლიკა

„გაძლევთ გონივრულ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას” – ამის შესახებ პოლიციის უფროსმა ადგილობრივ აქტივისტს ვარლამ გოლეთიანს მიმართა.

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანიის ENKA-ს ერთ-ერთ ბაზასთან, სოფელ გუმათის შესასვლელთან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გზა აქვთ გადაკეტილი. პოლიციამ მათ მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ საავტომობილო გზა. აქტივისტების თქმით, ისინი მოსახლეობას ვერ შეაფერხებენ, „ვინაიდან მოსახლეობა თავად არიან”, ხოლო გზას კომპანიის ტექნიკას უკეტავენ. მისივე თქმით, მოსახლეობას გადაადგილებაზე შეფერხება არ ექნება. მათ ადგილზე პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, გაუშვან ნამოხვანში.

მოგვიანებით პოლიციის უფროსმა გოლეთიანს ისევ გაუმეორა, რომ მოსახლეობას გზის გადაკეტვით ეზღუდებოდა ალტერნატიული გზით სარგებლობის საშუალება და მისი თქმით, მისცა გონივრული ვადა, რომ გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან. „წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ ძალას” – აღნიშნა მან.

სოფელ გუმათიდან ჰესის მოწინააღმდეგებმა ამ ადგილზე ცოტა ხნის წინ გადაინაცვლეს. როგორც ადგილობრივი აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, პოლიციის უფროსისგან ვერ მიიღეს დასაბუთება, რატომ არ უშვებენ ჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაკეტონ გზა, რათა ხეობაში შესვლა კომპანიის მანქანებმაც ვერ შეძლოს.

„თუკი ჩვენ სრულიად დაუსაბუთებლად და უსამართლოდ გვეზღუდება ჩვენი კონსტიტუციური უფლებები, მაშინ ვერც კომპანიის მანქანებმა უნდა შეძლონ ხეობაში გადაადგილება”, – განაცხადა გოლეთიანმა.

პოლიცია ჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევს. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ პოლიციამ მისცეს მათ სოფელ ნამოხვანში შეკრების შესაძლებლობა, ვინაიდან ეს ადგილი მათი პროტესტისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა.