გაძლევთ პირობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე სწრაფი, კომფორტული და ხელმისაწვდომი - კალაძე

პუბლიკა

„გაძლევთ პირობას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვენს ქალაქში იქნება ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არის პრობლემები და გამოწვევები, თუმცა დედაქალაქის მერია ცდილობს, რომ ეს საკითხი ქალაქის სასიკეთოდ გადაწყვიტოს.

„მთლიანად ჩავანაცვლეთ პარკი და ნამდვილად მეამაყება. ამას არასწორად ატრიალებენ, არასწორად იყენებენ, რომ თითქოს ჩვენ არასწორს ვამბობთ. კი დედაქალაქს, თბილისს ახალი და მოწესრიგებული ტრანსპორტი… ცხადია, ამ რეფორმის გზაზე, არის პრობლემები, არის სირთულეები. თუმცა ეს თავიდანვე ვიცოდით, იმიტომ, რომ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებ და რეფორმებს ახორციელებ ცხადია, მარტივად შეუძლებელია რამე გააკეთო. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები“, – თქვა მან.

მისი თქმით, დედაქალაქში ორი მნიშვნელოვანი კვანძი, მელიქიშვილის გამზირი და ქეთევან წამებულის გამზირი, გადათხრილია, რაც გადადგილების პრობლემებს ქმნის. როგორც კალაძემ განმარტა, საცობები თბილისის პრობლემა სულ იყო, რასაც ემატება ყოველწლიურად კერძო მანქანების რაოდენობის ზრდა.

თუმცა მერის განცხადებით, მათი ამოცანაა, რომ მოქალაქეებმა გადაადგილებისთვის აღარ გამოიყენონ მანქანები და გადავიდნენ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.

„უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა გადაადგილების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი ავტობუსები და მიკროავტობუსები არის ახალი და მოწესრიგებული. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი ბოგდანები, რომლებიც უდიდესს პრობლემას წარმოადგენდა მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით და უდიდესი პრობლემა იყო ეკოლოგიური თვალსაზრისით… ხომ არ დაგვავიწყდა რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში, ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი? – ეს წარსულს ჩავაბარეთ“, – თქვა მან.