გაეროს ჰუმანიტარული საკითხების ხელმძღვანელმა, ტომ ფლეტჩერმა, BBC-ის Radio 4-ის ეთერშ თქვა, რომ ისრაელმა ღაზაში მინიმალური დახმარება შეუშვა.
უკვე 11 კვირაა, ისრაელმა ღაზაში საკვების და სამედიცინო დახმარების შეტანა აკრძალა. 2 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს.
საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ბლოკადას მოხსნის და მინიმალური ოდენობის დახმარების შეტანის უფლებას გასცემს.
19 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და კანადის ლიდერებმა დაგმეს ისრაელის „აღმაშფოთებელი ქმედებები“ ღაზაში და თქვეს, რომ ერთობლივად იმოქმედებენ, თუ ისრაელი არ შეწყვეტს სამხედრო შეტევას ღაზაზე და არ მისცემს ადგილზე დახმარების შეტანის უფლებას.
ფლეტჩერის თქმით, ღაზაში შევიდა 5 სატვირთო მანქანა, მაგრამ ეს „ზღვაში წვეთი” და სრულიად შეუსაბამოა მოსახლეობის საჭიროებებთან.
ამასთან, მისი განცხადებით, ეს სატვირთო მანქანები, რომლებიც საკვებითაა დატვრთული, ტექნიკურად ღაზაშია, მაგრამ მოსახლეობამდე ჯერ არ მისულა, ვინაიდან ისინი საზღვრის მეორე მხარეს არიან.
ფლეტჩერის თქმით, თუ დახმარება ადამიანებამდე დროულად არ მიაღწევს, შესაძლოა 48 საათში 14 000 ბავშვი დაიღუპოს.
კითხვაზე, საიდან იცის გაერომ ამ რიცხვის შესახებ, ფლეტჩერმა უპასუხა:
„ჩვენ ადგილზე თანამშრომლები გვყავს. ბევრი მათგანი მოკლეს, მაგრამ მაინც ბევრი ადამიანია სამედიცინო ცენტრებსა და სკოლებში, რათა საჭიროებები შეაფასონ”.
UNRWA-ს (გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო) გენერალურმა კომისარმა, ფილიპე ლაზარინიმ Euronews-თან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს უნიკალური ძალაუფლება, აიძულოს ნეთანიაჰუ, შეცვალოს ვითარება ღაზაში.
„მე მჯერა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს საჭირო გავლენა, რათა შეცვალოს სიტუაცია ღაზაში და უზრუნველყოს ალყის მოხსნა, რათა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ის დახმარება, რასაც იმსახურებს.
აღმაშფოთებელია, რომ ღაზაში შიმშილობასთან გვაქვს საქმე. ეს სრულიად ხელოვნურად შექმნილი ვთარებაა. ჩვენ ვართ სიტუაციაში, როცა შიმშილი და საკვები პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. ღაზაში საჭიროა მასობრივი, შეუფერხებელი დახმარება მომარაგების სფეროში, რათა შევცვალოთ შიმშილის გავრცელების ტენდენცია”. – თქვა ფილიპე ლაზარინიმ.
UNRWA ღაზაში დახმარების მთავარი შემტანია. ის უზრუნველყოფდა განათლების, ჯანმრთელობის და სხვა საბაზისო სერვისების მიწოდებას მილიონობით პალესტინელისთვის.
ისრაელმა 2025 წლის დასაწყისში აკრძალა UNRWA-ს მუშაობა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე, ვინაიდან ორგანიზაცია „ჰამასთან” თანამშრომლობაში დანაშაულა.
პარალელურად დღეს, 20 მაისს ისრაელმა კვლავ განახორციელა საჰაერო იერიში ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს განცხადებით, შედეგად დაიღუპა სულ მცირე 44 პალესტინელი დაიღუპა.