გაერომ კვლავ დაუჭირა მხარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების დაბრუნების უფლებაზე რეზოლუციას

პუბლიკა

7 ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.

რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოსთან ერთად წელს 63-მა ქვეყანამ წარადგინა. ხოლო სესიაზე მას მხარი 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

წელს კიდევ ერთხელ გაიზარდა როგორც თანაავტორი, ისე მხარდამჭერი სახელმწიფოების რაოდენობა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო ამ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

„ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდამ მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გააუარესა“, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.