2020 წლის 22 ივნისს, ქ. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 43-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით და ეთნიკური ქართველების სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებზე დაუსჯელობის გამო.
რეზოლუცია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო და ხაზს უსვამს, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებთა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა გადაადგილების თავისუფლებაზე მზარდი შეზღუდვების შემოღებით.
რეზოლუცია ასევე საუბრობს იმ ნეგატიურ შედეგებზე, რასაც ე.წ. “გადასასვლელების” ჩაკეტვა იწვევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს იქ არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასა და მოსახლეობის იზოლაციას.
რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების მიმართულებით, ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. ამასთანავე, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, კვლავაც ვერ ახერხებენ თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებას.
რეზოლუციაში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტში არის მოწოდება – მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.
ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო, 44-ე და 45-ე სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.