გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) მოუწოდებს სახელმწიფოს, გააუქმოს რუსული კანონი

პუბლიკა

გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი (CRC) მოუწოდებს სახელმწიფოს გააუქმოს რუსული კანონი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციამ ბავშვის უფლებათა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია 2024 წლის აპრილში ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, წარმოადგენს მნიშვნელოვან დაბრკოლებას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ბავშვის უფლებათა კონვენციის ეფექტიანი შესრულებისათვის.

„უფრო მეტიც, ეს კანონმდებლობა პირდაპირ ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მშვიდობიან არსებობას საქართველოში. ამიტომაც, საიამ მოუწოდა ბავშვის უფლებათა კომიტეტს, თავისი მანდატის ფარგლებში განიხილა ეს საკითხი.“

საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 2024 წლის 30 მაისის დასკვნაში გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, და ადგენს, რომ ეს ნეგატიურად იმოქმედებს ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მუშაობაზე.

კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს გააუქმოს კანონი. დასკვნაში, ასევე, გაზიარებულია ის არაერთი სხვა პრობლემური საკითხი, რომელზეც საია თავის ალტერნატიულ მოსაზრებებში მტკიცებულებებზე დაფუძნებით უთითებდა.

9 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის 96-ე სესიაზე ქართულ დელეგაციას ჰკითხეს თუ რა გავლენას იქონიებდა ბავშვთა უფლებებზე მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის რუსული კანონი.

შეკითხვებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ინიციატივები მხოლოდ სარგებლის მომტანი იქნება ბავშვებისთვის საქართველოში და რომ „ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნაა, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დავიცვათ ჩვენი შვილები ლგბტქ პროპაგანდისგან“.