გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთში „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

პუბლიკა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთში, ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, სამიტის ფარგლებში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და ანტონიო გუტერეშს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისსა და უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას განიხილავენ.

სამიტს ასევე ესწრებიან: ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ინდოეთის პრეზიდენტი ნარენდრა მოდი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ას-სი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშკიანი და სამხრეთ ამერიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.

გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანტონიო გუტერეშის რუსეთში ვიზიტი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას.

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უარყო უკრაინის მიწვევა შვეიცარიაში გამართულ პირველ გლობალურ სამშვიდობო სამიტზე, თუმცა მიიღო ყაზანში პუტინის მიწვევა. ეს არის არასწორი არჩევანი, რომელიც არ უწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას, ეს მხოლოდ ზიანს აყენებს გაერო-ს რეპუტაციას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცნობილია, რომ გუტერეში მუდმივად აკრიტიკებდა რუსეთის ქმედებებს და აცხადებდა, რომ მოსკოვის მიერ დაწყებული ომი უკრაინაში მსოფლიოსთვის „საშიშ პრეცედენტს“ ქმნის.

ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს დაფუძნდა. ინიციატორები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი იყვნენ.

2011 წელს ორგანიზაციას შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის იანვარში კი  „ბრიქსის“ წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს „ბრიქსის“ თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.

აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოს „ბრიქსში” გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტს მოჰყვა, რომლის დროსაც ალიევმა და პუტინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.