გაეროს კომისია: ისრაელმა ღაზაში ჩაიდინა გენოციდი პალესტინელების წინააღმდეგ

პუბლიკა

გაეროს საგამოძიებო კომისიამ გამოსცა ანგარიში, რომლის თანახმადაც, ისრაელმა ღაზაში ჩაიდინა გენოციდი პალესტინელების წინააღმდეგ.

72-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ და ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ჩაიდინეს და აგრძელებენ 1948 წლის გენოციდის კონვენციით განსაზღვრული გენოციდის ხუთი აქტიდან ოთხის ჩადენას ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის – ამ შემთხვევაში, ღაზაში მცხოვრები პალესტინელების – წინააღმდეგ:

ჯგუფის წევრების მკვლელობა დაცულ ობიექტებზე თავდასხმების გზით; მშვიდობიანი მოსახლეობისა და სხვა დაცული პირების მიზანში ამოღება და სიკვდილის გამომწვევი განზრახ პირობების შექმნა.

ჯგუფის წევრებისთვის სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობასა და დაცულ ობიექტებზე პირდაპირი თავდასხმების გზით; დაკავებულების მიმართ სასტიკი მოპყრობა; იძულებითი გადაადგილება; და გარემოს განადგურება.

ისეთი საცხოვრებელი პირობების განზრახ შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავს ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურებას პალესტინელებისთვის აუცილებელი შენობებისა და მიწის განადგურებით; სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის განადგურებითა და უარყოფით; იძულებითი გადაადგილებით; პალესტინელებისთვის აუცილებელი დახმარების, წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდების შეფერხებით; რეპროდუქციული ძალადობით; სპეფიციკური პირობების შექმნით, რომელიც ბავშვებზე უარყოფითად აისახება.

2023 წლის დეკემბერში ღაზის რეპროდუქციული ჯანმრთელობის უდიდეს კლინიკაზე თავდასხმით, რაც გამოიხატა ისეთი ზომების მიღებაში, რომლითაც შობადობა უნდა შემცირებულიყო. კერძოდ, თავდასხმის დროს განადგურდა 4000 ემბრიონი, სპერმის 1000 ნიმუში და გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედი.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს გაეროს ამ მიგნებებს, გამოქვეყნებულ ანგარიშს უწოდებს „დამახინჯებულს და ცრუს” და კომისიას მიკერძოებაში ადანაშაულებს.

გაეროს საგამოძიებო კომისია, რომელ;იც 2021 წელს დაარსდა, წარსულში როგორც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი”, ისე ისრაელის ჯარები დაადანაშაულა ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში. თუმცა, ეს უახლესი ანგარიში მათ მიერ კონფლიქტთან დაკავშირებით დღემდე წარმოდგენილი ყველაზე მკაცრი დასკვნაა.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია სამხრეთ აფრიკის მიერ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი მიმდინარე საქმე, რომელიც ანალოგიურად ადანაშაულებს ისრაელს გენოციდში.

იმისთვის, რომ ის, რასაც ისრაელი ღაზაში აკეთებს, გენოციდად შეფასდეს, უნდა დადგინდეს, რომ ისრაელი თავის ქმედებებს პალესტინელების მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების კონკრეტული განზრახვით სჩადის.

გაეროს საგამოძიებო კომისია აცხადებს, რომ მან გააანალიზა ისრაელის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები და დაასკვნა, რომ პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა იოავ გალანტმა „გენოციდის ჩადენა წააქეზეს”.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ „გენოციდური განზრახვა იყო ერთადერთი გონივრული დასკვნა“, რომლის გამოტანაც შესაძლებელი იყო ღაზაში ისრაელის ხელისუფლებისა და უსაფრთხოების ძალების ქმედებებიდან.

გაეროს საგამოძიებო კომისია აცხადებს, რომ ქმედებების პატერნი მოიცავს უპრეცედენტო რაოდენობის პალესტინელების განზრახ მკვლელობას და სერიოზულ ზიანს მიყენებას მძიმე საბრძოლო მასალის გამოყენებით; სისტემატურ და ფართომასშტაბიან თავდასხმებს რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო ობიექტებზე; ღაზის ალყაში მოქცევას და მისი მოსახლეობის შიმშილობით დახოცვას.

ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები გამუდმებით აცხადებენ, რომ ღაზაში სამხედრო ოპერაციები თავდაცვის მიზნით ხორციელდება, რათა დაამარცხონ „ჰამასი” და სხვა პალესტინური შეიარაღებული დაჯგუფებები და უზრუნველყონ ისრაელელი მძევლების გათავისუფლება.

ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ისრაელის ჯარები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და იღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა შეამცირონ სამოქალაქო პირების მიმართ ზიანი.

თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში კომისიის სამი თანათავმჯდომარიდან ერთ-ერთმა ნავი ფილაიმ თქვა:

„2023 წლის 7 ოქტომბრის დილასვე პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა „ძლიერი შურისძიებით“ „ყველა იმ ადგილას, სადაც „ჰამასი”. განლაგებულია, იმალება და მოქმედებს ამ ბოროტ ქალაქში” და რომ ის მას „ნანგრევებად აქცევდა”.

„მის მიერ გამოყენება ფრაზისა „ბოროტი ქალაქი” ნიშნავდა, რომ ის მთელს ღაზას პასუხისმგებლად და შურისძიების სამიზნედ მიიჩნევდა. მან პალესტინელებს უთხრა, რომ ახლავე წასულიყვნენ, ვინაიდან ისინი ყველგან იმოქმედებდნენ ძალის გამოყენებით”.

კომისია ასევე ციტირებს იოავ გალანტის მიერ 7 ოქტომბერს გაკეთებულ ფრაზას: „ისრაელი ებრძვის ადამიან ცხოველებს და ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ”. ასევე ციტირებს ისააკ ჰერცოგის ფრაზას: „მთელი ერია პასუხისმგებელი“ ჰამასის მეთაურობით განხორციელებულ თავდასხმაზე”.

ნავი ფილი დასძენს: „2 წელი დაგჭირდა, რათა შეგვეგროვებინა ყველა ქმედება და ფაქტებზე დაფუძნებული მიგნებები გაგვეკეთებინა, გადაგვემოწმებინა, ესა თუ ის მოვლენა მოხდა თუ არა.

მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამა თუ იმ ქმედების მოქცევა გენოციდის კონვენციის ფარგლებში, თუ ეს ქმედებები ამ განზრახვით იქნა ჩადენილი”.

გაეროს კომისია აცხადებს, რომ ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ქმედებები „ისრაელის სახელმწიფოს მიეწერება“ და, შესაბამისად, „სახელმწიფოა პასუხისმგებელი, თუ ვერ ხდება გენოციდის პრევენცია და გენოციდის ჩამდენთა დასჯა”.

კომისია ასევე აფრთხილებს ყველა სხვა ქვეყანას, აიღოს დაუყოვნებლივი ვალდებულება გენოციდის კონვენციის თანახმად, რათა „მოახდინოს გენოციდის პრევენცია და დასაჯოს მისი ჩამდენი”. „თუ ასე არ მოიქცევა, ის შესაძლოა, გენოციდის თანამონაწილე იყოს”. – მიუთითებს კომისია.

მას შემდეგ, რაც კომისიამ გენოციდის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა, ისრაელმა განაცხადა, რომ ქალაქ ღაზაში სახმელეთო ოპერაციას იწყებს.

9 სექტემბერს ბრიტანეთმა განაცხადა, რომ მათი დასკვნით, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის საშინელი ტანჯვისა, ისრაელი ღაზაში პალესტინელთა წინააღმდეგ გენოციდს არ სჩადის.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი – ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.

ჯამში, 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიღუპა 1195 ადამიანი, მათგან 736- ისრაელის მოქალაქე, 79 – უცხო ქვეყნის მოქალაქე და უსაფრთხოების ძალების 379 წარმომადგენელი. „ჰამასმა” ტყვედ აიყვანა 251 ადამიანი. მათგან 155 სახლში ცოცხალი დაბრუნდა. დაღუპულია 49 ტყვე. ტყვეობაში რჩება 59 ადამიანი, თუმცა, მიიჩნევა, რომ 35 მათგანი უკვე მკვდარია.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და მას შემდეგ ღაზას მუდმივად ესხმის თავს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რომელსაც „ჰამასი” აკონტროლებს, 2025 წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით. ისრაელის თავდასხმებს ემსხვერპლა 66 700-ზე მეტი პალესტინელი.