გაეროს მიერ მარიუპოლიდან გამოყვანილმა 127-მა მოქალაქემ ზაპოროჟიაში ჩააღწია

პუბლიკა

ცოტა ხნის წინ მარიუპოლიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქალაქეთა ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა. გაეროს მეშვეობით რუსული ოკუპაციის ქვეშ მყოფი ქალაქიდან უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე 127 მოქალაქე ჩავიდა.

როგორც BBC წერს, თავდაპირველად გაერომ „აზოვსტალიდან“ 101 მოქალაქე გამოიყვანა, მათგან 17 ბავშვი იყო, ყველაზე პატარა – 6 თვის. ქარხნის ტერიტორიიდან გამოყვანილი 101 ადამიანიდან 32 მარიუპოლში დარჩა.

თუმცა, ავტობუსებს, რომლებსაც დარჩენილი 69 მოქალაქე უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყავდა, მარიუპოლიდან და მისი მიმდებარე დასახლებებიდან კიდევ 58 ადამიანი შეუერთდა, საბოლოოდ კი ზაპოროჟიაში 127 მოქალაქის ჩაყვანა მოხერხდა.

ზაპოროჟიაში მარიუპოლიდან გამოყვანილ მოქალაქეებს დახვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქში კი მოხალისეები შეიკრიბნენ, რომ დაეხმარონ მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.