გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS) „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ჰომოფობიური, ცენზურის დამწესებელი კანონის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანონი „სერიოზულ საფრთხეს” უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ადამიანის უფლებებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ UNAIDS მხარს უჭერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებას, რომ ეს კანონი „აწესებს დისკრიმინაციულ შეზღუდვებს განათლებაზე, საჯარო დებატებსა და სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ შეკრებებზე”.
„ეს დისკრიმინაციული კანონები არღვევს ავტონომიის, ღირსებისა და თანასწორობის ფუნდამენტურ უფლებებს, ზრდის სტიგმას და ხელს უშლის ლგბტქ+ თემის წვდომას აუცილებელ ჯანდაცვის სერვისებზე. ეს ძირს უთხრის საქართველოს ძალისხმევას შიდსის აღმოსაფხვრელად და სხვა ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამა აღნიშნავს, რომ იმ კანონების ადგილი, რომლებიც ლგბტქ+ ადამიანების დისკრიმინაციას ახდენენ, თანამედროვე საზოგადოებაში არ არის.
„ისინი იწვევს შევიწროებას, დისკრიმინაციას, ძალადობასა და სოციალურ გარიყულობას, რაც საფრთხეს უქმნის მცდელობებს აივ-ის ეპიდემიის დასასრულს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს მავნე კანონი, რადგან ის გამოიწვევს მარგინალიზებული თემების უფრო იზოლირებას და გააუარესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობას.
სტიგმა კლავს, ხოლო სოლიდარობა სიცოცხლეს ხსნის. ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვა გადამწყვეტია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, სოციალური ერთობისა და თანასწორობის ხელშეწყობისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ჰომოფობიური კანონის ხელმოწერაზე, კანონს დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ცენზურის დამწესებელი კანონთა პაკეტი პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო – ის ერთი ძირითადი და 18 სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებისგან შედგება.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები. რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.
გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.
მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.