დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მესამე ციკლის ფარგლებში, გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოში ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა შეაფასეს. ინფორმაციას „ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) ავრცელებს.
შეფასება ეყრდნობა არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებულ ანგარიშებს. 37-ე სესიისთვის WISG-მა ილგა ევროპასთან ერთად მოამზადა სპეციალური ანგარიში, რეკომენდაციები და ფაქტების ფურცლები საქართველოში ლგბტქი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
დღევანდელ სესიაზე გაეროს წევრმა ქვეყნებმა საქართველოს მიმართ რეკომენდაციები სხვადასხვა მიმართულებით გასცეს. მათ შორის, რეკომენდაციები ეხებოდა გამოწვევებს დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებრივ საკითხებზე.
ორგანიზაციის ცნობით, ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები მოიცავდა საზოგადოებაში ჰომოფობიური სტიგმის დაძლევას (ბრაზილია, ჩილე, არგენტინა); სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას, როგორც პრევენციას; სათანადო გამოძიებას (საფრანგეთი, ბელგია, დანია, ირლანდია, თურქეთი, კანადა, კვიპროსი, ეკვადორი, მექსიკა); სიძულვილის ენის გავრცელების პრობლემას (გერმანია, პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა) და ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვასა თუ გაძლიერებას; ასევე სოგი-ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას (გაერთიანებული სამეფო, ურუგვაი, ავსტრალია, ბრაზილია, დანია, ფიჯი, ისლანდია, ისრაელი).
ამასთან, საქართველომ განხილვის ფარგლებში მიიღო უფრო კონკრეტული სახის რეკომენდაციებიც, მათ შორის, ეპანეთისგან – საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის მოთხოვნის გაუქმებასთან დაკავშირებით; შვედეთისგან – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით, იმგვარად, რომ მსხვერპლთა უფლებების დაცვა განხორციელდეს ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის სოგი-ს ნიშნით, დისკრიმინაციისგან თავისუფლად;
ორგანიზაციის ცნობით, რეკომენდაციები ასევე უკავშირდება სიძულვილის, ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეების იდენტიფიცირებას, პრევენციასა და სათანადო გამოძიებას, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის ნაწილში (ნიდერლანდების სამეფო, ვენესუელა, ელ-სალვადორი). ასევე, მნიშვნელოვანია ლუქსემბურგის მიერ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების დაცვის რეკომენდაციის გაჟღერება ყველა ქალის, მათ შორის, მოწყვლადი ქალების მიმართ.