„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ – 5 პარტია საარჩევნო ბლოკში გაერთიანდა

პუბლიკა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა. ამის შესახებ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საარჩევნო ბლოკში – „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ევროპელი დემოკრატები“ და კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის პარტია „პროგრესი და თავისუფლება“.

„საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. აი, აქ ვდგავართ, არა თუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა, ძალა და რესურსი შეემატა და პირობას გაძლევთ, ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა, გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის არჩევნებზე“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა, რომ კოალიაცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2 წლის წინ შეიქმნა, 9 პოლიტიკურ სუბიექტს აერთიანებდა, ახლა კი ახალი სუბიექტები შეემატა.

„დღეს არის ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“, რომლის წამყვანი სუბიექტი, რასაკვირველია, არის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა ყველა სუბიექტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ჩვენ გვყავს საერთო პრემიერობის კანდიდატი, საერთო მაჟორიტარები. ეს არის სწორედ ის კოალიცია, რომელიც მოვა ხელისუფლებაში“, “– განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს და ამიტომაც გადაწყვიტეს ბლოკში გაერთიანება.

„რადგან ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გავერთიანდით იმისთვის, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჩვენი მანდატის ფარგლებში და იმისთვის, რომ ამ არჩევნებში ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს ახალი ძლიერი კოალიციური მთავრობა. ამისთვის გადაიდგა დღეს ნაბიჯი, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის ჭაობი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.