გაფართოების ანგარიში გვიჩვენებს უკუსვლას 9 ნაბიჯიდან 4-ში - ჰერჩინსკი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აფასებს 2024 წლის გაფართოების ანგარიშს და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის 9 ნაბიჯიდან 4-ში უკუსვლაზეა საუბარი.

„2024 წლის ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით გვიჩვენებს უკუსვლას 4-ში იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც განისაზღვრა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ამ დროისთვის ევროკავშირის ლიდერებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების მომავალი ახლა საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია. ევროკავშირის კარი ღია რჩება და დღევანდელი ანგარიში გვთავაზობს მკაფიო გზას ხელახალი ჩართულობისკენ, თუკი საქართველოს მხრიდან ნამდვილი პოლიტიკური ნება იქნება”, – განაცხადა მან.

ამასთან, ჰერჩინსკი მიუთითებს, რომ გაწევრების პროცესი საქართველოსთვის მთავრობის კურსის გამო შეჩერებულია და იქნება შეჩერებული იქამდე, სანამ მთავრობა ევროკავშირისგან დაშორებას გააგრძელებს.

ევროკომისიამ 2024 წლის გაფართოების პაკეტი წარადგინა. 10 კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნის პროგრესის შეფასების პრეზენტაცია გააკეთეს ევროკომისიის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სანამ საქართველო ამჟამინდელ კურსს არ შეცვლის, ევროკომისია ვერ შეძლებს მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციის გაცემის განხილვას.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ მომზადებულ ინდივიდუალურ ანგარიშს, იქ შეფასებულია ქვეყანაში განვითარებული ბოლო წლის მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ რუსული კანონის ხელახალი განხილვისა და შემდგომი მიღების გადაწყვეტილებას, მოჰყვა სხვა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც არ ასახავს მთავრობის დეკლარირებულ ერთგულებას ევროკავშირის გზაზე.

ამასთან, საუბარუა, რომ ვროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის დონე კვლავ საგრძნობლად დაბალია და ის 49%-ს შეადგენს.