გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთა ფუნქციონირებაც არ იზღუდება

პუბლიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც მუშაობა არ შეეზღუდება.

საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ მთავრობის N222 დადგენილების მიხედვით, ცვლილება შედის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილებაში, რომლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სხვა ეკონომიკურ საქმიანობებთან ერთად, ასევე დაშვებული იქნება: დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები; 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები); მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი; შენობების საერთო დასუფთავება, დეზინფექცია და ა.შ.

მთავრობის დადგენილებით ეკონომიკური საქმიანობა არ ეზღუდებათ:

1. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადამუშავება, სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება, ასევე მიწოდება/რეალიზაცია,

2. შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

3. სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

4. სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

5. საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის);

6. თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა);

7. სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის);

8. სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები;

9. სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია;

10. პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება;

11. ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა;

12. სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები;

13. საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

14. საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა);

15. ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები;

16. IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად);

17. საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად);

18. სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად);

19. ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და ინსპექტირების ორგანოები;

20. სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად);

21. სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები;

22. საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად);

23. საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად);

24. არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად);

25. იურიდიული მომსახურება (დისტანციურად);

26. შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია;

27. დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები;

28. სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება;

29. 24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები);

30. არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად);

31. ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა);

32. ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად);

33. ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად).

34. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების (მათ შორის ლიფტი, გაზსადენი და სხვა) შეკეთება/რემონტი.


ახალი სიის გარდა, მთავრობის წინა დადგენილებით, ეკონომიკური საქმიანობების 21 აპრილამდე შეზღუდვა ეხება ყველას, გარდა:

ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობისა;

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციისა, ასევე მათი წარმოების, შენახვის, საბითუმო ვაჭრობისა და დისტრიბუციის, სურსათის შესაფუთი მასალების/ტარის წარმოებისა;

გ) წისქვილების, პურ-ფუნთუშეულის საცხობების, რძის მიღება-გადამუშავების საწარმოების საქმიანობისა;

დ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოებისა/გადაცემისა/განაწილებისა/მიწოდებისა, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდებისა;

ე) კომერციული ბანკების საქმიანობისა;

ვ) იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა და მათი აგენტების საქმიანობისა, რომლებიც აწვდიან მომსახურებას თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით;

ზ) საგადახდო სისტემის ოპერატორების საქმიანობისა;

თ) ბანკომატების, თვითმომსახურების კიოსკებისა და პოსტერმინალების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობისა;

ი) მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობისა;

კ) საბანკო-საფინანსო პროდუქტების/მომსახურების დისტანციური არხებით მიწოდებისა/რეალიზაციისა;

ლ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის წარმოებისა/დისტრიბუციისა/რეალიზაციისა;

მ) სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობისა;

ნ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისა;

ო) საკვები პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);

პ) კერძო დაცვითი საქმიანობისა;

ჟ) საადვოკატო საქმიანობისა;

რ) ავტოტექმომსახურების გამწევი სუბიექტების საქმიანობისა;

ს) პრესის ჯიხურებისა.