რამდენიმე ციხეში პატიმრებმა ამნისტიის კანონის გაფართოების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.
ამის შესახებ პატიმრების ოჯახის წევრები და უფლებადამცველები საუბრობენ.
ადვოკატების თქმით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში 20 პატიმარი შიმშილობს.
„როგორც გავიგე, 20 პატიმარი შიმშილობს, დღეის მდგომარეობით. აპროტესტებენ ამნისტიის კანონპროექტს – პირველადს, რომელიც, რეალურად, ციხეში მყოფ პატიმრებს არ ეხებათ და მოითხოვენ ამ კანონპროექტის გაფართოებას, რომ რაღაც დოზით თითოეულ პატიმარს შეეხოს შეღავათი… როგორც შევისწავლეთ, ეხება მსუბუქ მუხლებს, პირველ ნაწილებს, ნასამართლეობის არმქონე პირებს და ასეთ პირებს, როგორც წესი, არც პროკურატურა, არც სასამართლო ციხეში არ უშვებს“, – ამბობს ნათია ჩხეტიანი, უფლებადამცველი.
რუსთავის N5 პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ „მთავარ არხს“ ციხიდან პატიმარი თავად ეუბნება. მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრები ამნისტიის კანონის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას მოითხოვენ.
„ვაპროტესტებთ ამნისტიის კანონპროექტს, მთავრობის გადაწყვეტილებას. ვითხოვთ ამ ამნისტიას არ ერქვას მასშტაბური ამნისტია და ერქვას პატარა ამნისტია, რადგან ამდენი პატიმარი, ამდენი ქალი ვრჩებით”, – ამბობს პატიმარი „მთავარ არხთან”.
ქსანში 30 პატიმარი შიმშილობს – ეუბნება პატიმრის მშობელი ტვ პირველს. მისი თქმით, პატიმრები შიმშილობას, ოჯახის წევრები კი აქციებს გააგრძელებენ საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით. მათ შორის, აქციებს გეგმავენ პარლამენტთან.
„ყოველდღე გამოვალთ, გამოვალთ პარლამენტის წინ. არჩევნები მოდის და იმიტომ გადაწყვიტა [ამნისტიის კანონი] ოცნებამ, პატიმრების მშობლებმაც რომ ხმა მისცენ. პატიმრების მშობლები როგორ მივცემთ ხმას, თუ ჩვენს შვილსაც რაღაც არ შეეხო? ქსანში მე-10 დაწესებულებაში შიმშილობს ჩემი შვილი. 30 კაციაო, როგორც ვიცი. იძახიან, ჩვენც შეგვეხოს რამეო”, – ამბობს ის.
სულ რამდენი პატიმარი შიმშილობს და რამდენ დაწესებულებაში, ამის შესახებ „პუბლიკას“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში არ უპასუხეს.