EMC ეხმაურება „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირებას და მოუწოდებს პარლამენტს, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გააფართოვოს პროექტის ფარგლები ნარკოტიკულ დანაშაულებზე, კანონის შემუშავების პროცესი წარმართოს მაქსიმალურად ღიად და უზრუნველყოს პროცესში დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა.
28 დეკემბერს, პარლამენტში იწყება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა კონკრეტული სახის დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების მიზნით. ამნისტიის ინიცირებული რედაქცია სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლს შეეხება, მათ შორის სხვადასხვა ქონებრივ და ეკონომიკურ დანაშაულებს, ნარკოტიკის პირად მოხმარებასთან დაკავშირებულ დანაშაულებს, აგრეთვე შრომის უსაფრთხოების წესის დარღვევასთან, უკანონო თევზჭერასა და ნადირობასთან დაკავშირებულ და სხვა ქმედებებს. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამნისტია პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ 800-მდე ადამიანს შეეხება, საიდანაც 680-მდე პირი ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი) იხდის სასჯელს. აგრეთვე, სავარაუდო ამნისტირებულ მსჯავრდებულთაგან 62 ქალია.
„წარმოდგენილ განცხადებაში EMC აფასებს უშუალოდ ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტში შემუშავებულ ხედვებს. როგორც აღინიშნა, პროექტი ძირითად აქცენტს სწორედ ნარკოტიკულ დანაშაულებზე აკეთებს. რეპრესიული ნარკოპოლიტიკის პირობებში, ამნისტიის გავრცელება ამ დანაშაულებზე დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, თავის მხრივ, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული ვითარების სიმძიმეს და ააშკარავებს მისი ძირეული ცვლილების აუცილებლობას. ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტურ რეფორმამდე, შუალედური ხასიათის ერთჯერადი ჰუმანური აქტი არის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც მეტნაკლებად შეამსუბუქებს არსებული უსამართლო პოლიტიკით დამდგარ ზიანს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია კანონპროექტისთვის საბოლოო ფორმის მიცემის პროცესში, გათვალისწინებული იყოს შემდეგი გარემოებები:
► მოქმედი კანონმდებლობა ნარკოტიკულ დანაშაულთა უმეტესობაზე არ განსაზღვრავს საწყის ოდენობებს. ამგვარ ნივთიერებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება, იქნება ეს შენახვა, შეძენა თუ გადაცემა, ისჯება არაპროპორციულად მაღალი სანქციებით. აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობის პირობებში, შესაძლებელია განსაკუთრებით დიდ ოდენობად ჩაითვალოს ნარკოტიკული საშუალების ის ოდენობა, რასაც პირადი მოხმარების მიზნით ფლობდა მსჯავრდებული. აქედან გამომდინარე, მათ შორის, ერთი შეხედვით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებიც (კონკრეტულად კი სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვა) საჭიროებს ამნისტირებასა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის შეფარდებული სანქციების თუნდაც ნაწილობრივ შემცირებას (ეს განსაკუთრებით ლოგიკურია იმის ფონზე, რომ ამ კანონპროექტით, ამნისტია ეხებათ უვადოდ მსჯავრდებულებსაც);
► მართალია, პროექტი ითვალისწინებს ქვეყნის ფარგლებში ნარკოტიკული საშუალების გადაგზავნა/გადაზიდვისთვის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუმცა აბსოლუტურად გამორიცხავს ამნისტიის გავრცელებას 262-ე მუხლზე – ნარკოტიკული საშუალების ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოტანა/გატანაზე. აღნიშნული ქმედებაც აგრეთვე შესაძლოა გულისხმობდეს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით მასზეც გავრცელდეს ამნისტია;
► კანონპროექტში მთლიანად იგნორირებულია 265-ე მუხლი – ნარკოტიკის შემცველი მცენარის მოყვანა, დათესვა, კულტივაცია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ისეთ ქმედებებზე, სადაც არ იკვეთება გასაღების მიზანი, აგრეთვე უნდა გავრცელდეს ამნისტია;
► კანონპროექტით, სამოქალაქო უფლებები უნდა აღუდგეს ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირებს, ვისაც ამნისტია შეეხება. ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რადგან არსებული რეპრესიული პოლიტიკის შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგაც ვერ სარგებლობენ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში დასაქმების ან სხვა პროფესიული უფლებებით. აღნიშნული მნიშვნელოვნად ამძიმებს მათ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას და ართულებს რესოციალიზაციის პროცესს. თუმცა, აუცილებელია სამოქალაქო უფლებები აღუდგეს ასევე იმ პირებს, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის უკვე გათავისუფლდნენ სასჯელისგან, თუმცა მათ მიმართ სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა ჯერ კიდევ მოქმედებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
- ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარმართოს; უზრუნველყოს პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, წარმართოს კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან და საკითხზე მომუშავე ჯგუფებთან;
- ნარკოდანაშაულთან მიმართებით გაითვალისწინოს კანონმდებლობაში ოდენობის განსაზღვრის პრობლემა და მის საფუძველზე განსაზღვროს იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გავრცელდეს ამნისტია;
- უზრუნველყოს საპატიმროდან გამოსული პირებისთვის ადეკვატური სოციალური, ჯანდაცვისა და სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა;
- ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ დაიწყოს აქტიური მუშაობა ზოგადად არსებული სისხლის სამართლისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმებზე”, – წერს EMC.