ოპერის გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს

პუბლიკა

გაფიცვის 53-ე დღეს ოპერის 17-მა თანამშრომელმა პროტესტი შეწყვიტა, თუმცა ისინი დღეს სამსახურში არ შეუშვეს. ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებას მოითხოვენ.

ოპერის გაფიცულმა ტექნიკურმა პერსონალმა თეატრის ადმინისტრაციას განცხადებით 25 დეკემბერს მიმართა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ისინი გაფიცვას წყვეტდნენ.

როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას პროფკავშირის წარმომადგენელი ამბობს, ოპერისა და ბალეტის თეატრი ინფორმირებული იყო, რომ გაფიცული თანამშრომლები სამსახურში დაბრუნებასა და მუშაობის აღდგენას აპირებდნენ.

ოპერისა და ბალეტის თეატრში, გაფიცული თანამშრომლების საჩივრის საფუძველზე, უკვე შესულია შრომის ინსპექცია და თეატრში არსებულ პირობებს სწავლობს. გაფიცულებს იმედი აქვთ, რომ შრომის ინსპექცია თეატრში არსებულ დარღვევებს გამოავლენს და დასაქმებულებს შრომითი პირობები გაუუმჯობესდებათ.

ოპერის ადმინისტრაცია ამ დრომდე ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს.

„3 ნოემბერს დავიწყეთ გაფიცვა, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა. ჩვენ გარკვეულ ცვლილებებს მივაღწიეთ და ჩავთვალეთ, რომ გაფიცვა უნდა დასრულებულიყო. შევატყობინეთ ოპერის ადმინისტრაციას, რომ დასრულებულია გაფიცვა და შესაბამისად, დასაქმებულები ბრუნდებიან თავიან სამუშაოზე, თუმცა ადმინისტრაციამ არ შეუშვა ისინი დასაქმების ადგილას, რის გამოც გამოვიძახეთ პატრული, რომ დაფიქსირებულიყო კანონდარღვევა.

თუ მოხდება ისე, რომ ვინმეს არ შეუშვებენ, ჩვენ ამას აუცილებლად სასამართლოში გავასაჩივრებთ. ასევე, მივმართავთ შრომის ინსპექციას და გავაგრძელებთ პროტესტს. არის კანონი, რომელიც გვეუბნება, რომ დასაქმებულები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სამუშაოზე. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ოპერის ადმინისტრაციას, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვან ეს ადამიანები დასაქმების ადგილზე.

შრომის ინსპექციას მივმართეთ საჩივრით, რომელიც შესულია ოპერისა და ბალეტის თეატრში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება უზრუნველყოფს იმას, რომ გაუმჯობესდება ამ ადამიანების შრომითი პირობები, და ასევე 40% პროცენტით გაიზრდება ხელფასები, რაც ჩვენი ბრძოლის შედეგია. ასე ამბობენ და დაპირება გასცეს“, – ამბობს „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე.

კანონის მიხედვით, გაფიცულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების უფლება აქვთ. პროფკავშირის იურისტის თქმით, ოპერისა და ბალეტის თეატრის ქმედება არაკანონიერია.

„გაფიცვას იწყებს დასაქმებული. ამ შემთხვევაში პროფესიულმა კავშირმა დაიწყო ეს გაფიცვა და შესაბამისად შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხსაც წყვეტს პროფესიული კავშირი, ანუ ის მხარე, ვინც შეაჩერა.

ამ შემთხვევაში თვითონ დამსაქმებელი გვეუბნება, რომ მათ დამატებით კიდევ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – ეს ადამიანები დაბრუნდებიან თუ არა სამსახურში, რაც არ არის სწორი და არის არაკანონიერი, რადგან ერთმა მხარემ შეაჩერა შრომითი ურთიერთობა და შემდეგ იგივე მხარე აგრძელებს ამ შრომით ურთიერთობას.

თეატრის ეს დამოკიდებულება სამართლებრივ ჩარჩოს მიღმა, კიდევ უპატივცემულო დამოკიდებულებაა სწორედ ამ თანამშრომლების მიმართ. ჩვენ დაველოდებით თეატრის ოფიციალურ პასუხს და შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ სასამართლოში და სამართლებრივად და კანონიერად გავცემთ მათ პასუხს“, – ამბობს პროფესიული კავშირის ადვოკატი, შალვა ხვთისიაშვილი.

21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა.

ოპერის თეატრმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ხელფასების 100%-ით გაზრდა, რასაც გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ. მათი თქმით, ოპერის თეატრის ბიუჯეტი მომავალი წლიდან გაიზრდება და ხელფასებიც 35-40%-ით მოიმატებს.