დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ირაკლი ბაღდავაძე, რომელიც გაფიცვაში აქტიურად მონაწილეობდა, აცხადებს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას იწყებს.
„დათო გელოვანი გამოვიდა, ფურცელი დაიჭირა ხელში და განცხადება წაიკითხა, რომ თქვენ გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან. რის საფუძველზე – იმიტომ, რომ შენ იწვევ აქ კონფლიქტსო. თავისი შეთხზული ფრაზა წაიკითხა. თვითონ ჰყავს მოსყიდული ხალხი, რომელსაც ისე ალაპარაკებს როგორც უნდა და გამიშვეს სამსახურიდან“, – აცხადებს ბაღდავაძე „ფორმულასთან“.
ის აღნიშნავს, რომ მისთვის ოფიციალური დოკუმენტი გათავისუფლების შესახებ არ მიუციათ.
„არაფერი ოფიციალურობა, უბრალოდ წამიკითხა, თან ვიღაც ფოტოგრაფი მიღებდა, ვინაობა რომ ვკითხე არაფერი არ მითხრა. სანამ სამართლიანობა არ აღდგება მშრალ შიმშილობას ვაცხადებ…“, – ამბობს ბაღდავაძე და დასძენს – „დღეს თათბირი იყო და არ მიშვებდნენ. მე რომ შეკითხვები არ დამესვა ამიტომ გააკეთეს ეს ყველაფერი“.
ირაკლი ბაღდავაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
„ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ, დამიდექით გვერდში. დავრჩი უსამსახუროდ, უზარმაზარი ბანკის ვალით, ქირას ვეღად გადავიხდი და ვრჩები ქუჩაში“, – აცხადებს ბაღდავაძე.
„პუბლიკამ“ ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე „თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახურს მიმართა, სადაც განაცხადეს, რომ „ამ წუთებში ვართ გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, გავდივართ დეტალებს და როგორც კი გვექნება კომენტარის გაკეთების მზაობა, რამდენიმე წუთში ოფიციალურად გავაკეთებთ განცხადებას გადაწყვეტილების შესახებ“.
„პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის“ განცხადებით, 7 აგვისტოს დადებული შეთანხმება „თბილსერვისსა“ და დასაქმებულებს შორის, რომელიც ერთ-ერთ პუნქტად მოიცავდა საპროტესტო აქციაში მონაწილე პირების ხელშეუხებლობას, უკვე დარღვეულია.
6 აგვისტოს, „თბილსერვის ჯგუფის” დასაქმებულთა აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები სახელშეკრულებო პირობების არცოდნაზე, საფრთხისშემცველ სამუშაო გარემოზე, დაბალ ხელფასებზე, ფიზიკურად მძიმე შრომით რეჟიმსა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობდნენ. თანამშრომლებმა პროტესტი მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც იანვრიდან ხელფასის მომატების პირობა მიიღეს.
თანამშრომლებს პროტესტის პერიოდში 7 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნები ჰქონდათ. ხელფასის მატებასთან ერთად მათ მოთხოვნებს შორის იყო: შვებულებით სარგებლობა, სამედიცინო დაზღვევა, ტრანსპორტის განახლება, სამუშაო გრაფიკის ცვლილება და ა.შ.