ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ქანთარიამ გაფიცვისკენ მოწოდების გამო მსახიობებს საყვედური გამოუცხადა – დოკუმენტში, რომელსაც მსახიობები ავრცელებენ, ნათქვამია, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით, თორნიკე ბარამიძის და მერი ნაკაშიძის საყვედური, ხოლო ოთარ ქათამაძეს „სასტიკი საყვედური” გამოუცხადეს.
ბრძანების თანახმად, თორნიკე ბარამიძესა და მერი ნაკაშიძეს საყვედური გამოუცხადეს, რადგან ისინი მსახიობებს მოუწოდებდნენ, „არ ეთამაშათ სპექტაკლში”, ხოლო ოთარ ქათამაძეს გაფიცვისკენ „გამაძლიერებლით” მოწოდების გამო.
„ქვეყანაში შექმნილი ბოლო დროინდელი მდგომარეობის მიზეზით მსახიობები – თორნიკე ბარამიძე და მერი ნაკაშიძე 2024 წლის 3 დეკემბერს გასამართ სპექტაკლში თამაში ჭვავის ყანაში” მონაწილე მსახიობებს, რომლებიც ისედაც სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. დაბეჯითებით მოუწოდებდნენ და მორალურ ზეგავლენას ახდენდნენ, რომ არ ეთამაშათ სპექტაკლი, რაც არის შინაგანაწესის და ეთიკის დარღვევა, რის გამოც მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით მიეცეთ საყვედური.
ასევე სავარაუდოდ სპექტაკლის ჩაშლის განზრახვით მოვიდა მსახიობი – ოთარ ქათამაძე, მაგრამ სპექტაკლი უკვე გადადებული დახვდა და თეატრის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად.
თვითნებურად ხმის გამაძლიერებლით გააკეთა საჯარო განცხადება, ბათუმის დრამატული თეატრის გაფიცვის შესახებ, რაც ასევე შინაგანაწესის და შრომის კოდექსის დარღვევაა. ვინაიდან მსახიობის ოთარ ქათამაძის მიმართ მიმდინარე წელს უკვე გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა საყვედური, ზემოხსენებული ვითარებიდან გამომდინარე მსახიობს ოთარ ქათამაძეს პასუხისმგებლობის ღონისძიების სახით მიეცეს სასტიკი საყვედური, დისციპლინური”, – ნათქვამია დოკუმენტში.
საყვედურის გამოცხადების შესახებ ალექსანდრე ქანთარიას ბრძანება 25 დეკემბრით თარიღდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ მსახიობები და აღნიშნეს, რომ ეს ბრძანება უსამართლოა.
„ცხოვრებაში პირველად მივიღე საყვედური და ისიც უსამართლოდ! კარგია, იქ იყვნენ ადამიანები და დაინახეს დანამდვილებით რა იყო. სამწუხაროა, რომ უსამართლო ბრძანდებით და სიმართლის დანახვა არ გინდათ. იმიტომ, რომ თეატრში პოლიტიკა შემოგაქვთ თქვენ და არა ჩვენ”, – განაცხადა მერი ნაკაშიძე.