ნონა გაფრინდაშვილმა, მოჭადრაკემ და წარსულში „სახალხო კრების“ წევრმა თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის შესახებ ილაპარაკა.
გაფრინდაშვილმა თქვა:
„ჩვენ რაც 26 მაისს გადავიტანეთ, წინასწარ იყო მოფიქრებული. ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია. ჩვენი დასჯა უნდოდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს ვუწოდებ, იმიტომ რომ, რაც იქ მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. ბევრი აქცია ჩატარებულა.
9 აპრილიდან რომ დავიწყოთ, შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა, მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. ჩაკეტილი იყო. სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს, გასასვლელიც არ იყო დატოვებული, ჩაკეტილი იყო. 9 აპრილი იმიტომ ვახსენე, ის საშინელება, რომ ხალხს გასაქცევი ჰქონდათ. კი მისდევდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ, აქ [26 მაისს] არ ჰქონდათ”.
2011 წლის 25-26 მაისს საქართველოში „სახალხო კრების“ წევრები და მხარდამჭერები ენმ-ის ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავდნენ. „სახალხო კრების” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ ხელისუფლება მოქმედებდა ანტიდემოკრატიულად და არღვევდა ადამიანის უფლებებს.
„სახალხო კრება“ გეგმავდა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის სამხედრო აღლუმის ჩაშლას — პარტიის ლიდერები, მათ შორის ნინო ბურჯანაძე აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ, ხელი შეეშალათ 26 მაისის აღლუმის გამართვაში.
ენმ-ის ხელისუფლებამ „სახალხო კრების” აქცია 26 მაისს, გამთენიისას ძალადობრივად დაშალა.
სპეცრაზმმა და პოლიციამ ალყა შემოარტყა რუსთაველის გამზირს, სადაც ასობით მომიტინგე რჩებოდა. გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. სამართალდამცველებმა გათიშეს შუქი. ამას ემატებოდა წვიმა.
დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის 28 მოქალაქე, 8 პოლიციელი და ერთი ჟურნალისტი
ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 2 ადამიანი.
2014 წლის თებერვალში მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის საფუძველზე, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა 4 წლითა და 6 თვის ვადით.