თბილისის კინოფესტივალის დამფუძნებელი, გაგა ჩხეიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო ორდენის, გოეთეს მედლის მფლობელი გახდა.
გოეთეს მედალი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპატიო სახელმწიფო ორდენია, რომელიც გადაეცემათ გამოჩენილ პიროვნებებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და გერმანული ენის პოპულარიზაციაში. დაჯილდოების ცერემონია 28 აგვისტოს, ვაიმარში გაიმართება.
გოეთეს მედალი 1954 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა საზღვარგარეთ გერმანული ენისადმი გაწეული ღვაწლისა და საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის.
გოეთეს მედლის მფლობელი გაგა ჩხეიძე გერმანიის მთავრობას და გოეთეს ინსტიტუტის ქართულ-გერმანული ურთიერთობის განვითარებაში მისი წვლილის აღიარებისთვის მადლობა უხდის.
„დღეს უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან გოეთეს მედალი არა მხოლოდ გერმანიის მთავრობის და გოეთეს ინსტიტუტის მიერ ჩემი მცირე ღვაწლის აღიარებაა ქართულ-გერმანული და საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების კონტექსტში, არამედ ჩემს დიდ გენიოსთან კიდევ ერთი მიახლოებაა. ამ ჯილდოს, რომლისაც გოეთეს დაბადების დღეზე, 28 აგვისტოს გადმომცემენ ვაიმარში, მე ვუძღვნი უპირველეს ყოვლისა ქართველ გერმანისტებს, ჩემს იენელ მეგობრებს, პედაგოგებს, ჩემს გერმანელ მეგობრებს, კინემატოგრაფისტებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, რომელთაც მაზიარეს გერმანიის უდიდეს კულტურას, და, რა თქმა უნდა, ჩემს მშობლებს, რომლებიც იქ, ზემოთ ხარობენ. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დაინახა და დააფასა ჩემი შრომა, გოეთეს ინსტიტუტს, მის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ასევე, ჟიურის წევრებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. 28 აგვისტოს ყველა მეგობრის ნახვა გამიხარდება ვაიმარში.“ – წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელში.