სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახლად არჩეული ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს „რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებს“. მან მოქმედი „პრეზიდენტი“, ანატოლი ბიბილოვი რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის თარიღის გამო გააკრიტიკა.
მისი თქმით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთთან ოსი ხალხის საუკუნოვანი ნატვრაა, რომლის სისრულეში მოყვანასაც მრავალმა ადამიანმა თავი შესწირა.
„მე როგორც ჩემი სამშობლოს შვილი და სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, სრულად ვუჭერ მხარს ერთიან რუსეთთან ოსი ხალხის გაერთიანებას. სხვა საკითხია, დადგა თუ არა ახლა ის ისტორიული მომენტი, როდესაც აუცილებელია ბრძანების გამოცემა რეფერნდუმის დანიშვნასთან დაკავშირებით და მისი ჩატარების დაჩქარება“, – განაცხადა გაგლოევმა სააგენტო „რესთან“.
მისივე თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო „რეფერენდუმის“ თარიღი მასთან, რადგან სწორედ თავად უნდა გაეტარებინა ე.წ. რეფერენდუმისთვის საჭირო სამართლებრივი ღონისძიებები.
„ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?“, – განაცხადა გაგლოევმა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ბრძანებით, რუსეთთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროსამთავრობო მედია ТАСС ავრცელებს.
„მომხრე ხართ თუ არა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების?“ – იქნება სარეფერენდუმო შეკითხვა.
ბიბილოვმა მარტში განაცხადა, რომ: „რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – განაცხადა მან.