გაგრძელდება ბრძოლა მისი სატუსაღოდან მშვიდობიანად დახსნისთვის - მელია სააკაშვილის დაბრუნებაზე

პუბლიკა

„ეს უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი აქტი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებასთან დაკავშირებით „TV პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის მერე მისი „სატუსაღოდან მშვიდობიანად დახსნისთვის გაგრძელდება ბრძოლა”.

„ივანიშვილის ჯიბის პროკურატურამ უსამართლოდ მიუსაჯა, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ნდობა არ არსებობს ქართული სასამართლოს მიმართ, თავადაც იცით ბევრი მაგალითი. 

ბრძოლა გაგრძელდება მისი სატუსაღოდან მშვიდობიანად დახსნისთვის, ისევე როგორც გაგრძელდა ბრძოლა ჩემს დასახსნელად, როდესაც მე ციხეში ვიყავი. მაგრამ მჯერა, საქმე იქამდე არ მივა. 

თუკი რამეზე გვისაუბრია, თუკი რამისთვის დრო დაგვითმია, ეს არის, ის, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს უკიდურესად მშვიდობიანი. ერთ ადამიანს თავიდან თმის ღერი არ უნდა ჩამოუვარდეს. არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილის პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა”, – ამბობს მელია. 

„მისაუბრია და ვიცი, [მისი] სიტყვებია: აღარ მინდა აქ ყოფნა, მირჩევნია ციხეში ვიჯდეო. დედასთან ერთად რომ მოდის, ეს გზავნილია, საერთაშორისო პარტნიორებთან და საქართველოსთვის, რომ ის არ მოდის ძალადობისთვის”.

…ისიც იცის, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამ თვითმფრინავს არ დასვამენ. ისიც იცის მიშამ, რომ ჩვენ ამ დროს საარჩევნო უბნებზე ვიქნებით და ხმები უნდა დავიცვათ. ანუ ადამიანი საკუთარ თავს წირავს”, – აღნიშნა მელიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: როგორ გამოიყვანთ მერე ციხიდან, მელია პასუხობს: „გამარჯვებით”.

მელიამ ამავე გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურა ამზადებს ნიადაგს ახალ სისხლის სამართლის საქმეებზე, იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„სანდო წყაროდან მოპოვებულ ინფორმაციას გაგანდობთ. იმდენად აღარ ენდობიან ამ ქალბატონს [სალომე ზურაბიშვილს], რომ პროკურატურაში რამდენიმე ტოპ პროკურორს ახალი სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში სასწრაფოდ ნიადაგის მომზადება დაავალეს იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. ეს შეიძლება გაკეთდეს 5 წუთში იმ საქმეებზე, რაზეც განაჩენი დგას. „ქართულ ოცნებას” რომ ჰქონდეს სათადარიგო რაღაც საქმე, ესეც სასოწარკვეთის მანიშნებელია. ძალიან სარწმუნო ინფორმაციაა”, – აცხადებს მელიას.


საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. ამავე პოსტის კომენტარებში სააკაშვილი ბილეთის ფოტოს დებს.