გაგრის რაიონში ხანძრის კერა ჩამქრალია - აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ხანძრის კერების ლიკვიდირება შეძლეს.

მათი ცნობით, გაგრის რაიონში, დაახლოებით ექვსი ჰექტარი ფართობი დაიწვა, ხანძარი საცხოვრებელ კორპუსებს მიუახლოვდა. ამის გამო, მათი ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის მიზნით გაგზავნილ იქნა ქალაქ გაგრიდან და სოხუმიდან მეხანძრე-მაშველები და ტექნიკა, რომლებმაც ხანძარი ჩააქრეს.

დე ფაქტო უწყების ცნობით, 8 იანვრის დილით გაგრის რაიონში ხანძრის ძირითადი კერა  ჩამქრალია, მაგრამ  ხანძარი გადასულია მაღალმთიან ნაწილში. მათი ცნობით, ხანძრის ჩაქრობა შეძლეს გუდაუთის მხარეში და ოჩამჩირის რაიონის სოფლებშიც.

დე ფაქტო სამინისტროში ამბობენ, რომ დღეს დილით ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ ხის სახლს ქალაქ ტყვარჩელში და დაიწვა.

გუშინ გვიან სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ფოტოები, როგორ უახლოვდებოდა ხანძარი დასახლებულ ტერიტორიას და საცხოვრებელ შენობებს.