გაიხსნა თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური საავადმყოფო

პუბლიკა

დიღომში, ლუბლიანას 70-ში თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

მთავრობის ინფორმაციით, 11-სართულიანი შენობა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით.

„კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც.

ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. ახალ შენობაში, კლინიკას, გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება დაემატა.

პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. საერთო ჯამში, კლინიკაში, 352 თანამშრომელია დასაქმებული.

კლინიკას სახელწოდება 2024 წელს, გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.