გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც შემოვა მაღალი ხარისხის წამლები - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები. პრემიერის მტკიცებით, ეს ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

„მოგეხსენებათ, მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის. ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი. ამიტომ, არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი არ არსებობს, ვერ მოვისმინე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები, კომპანიები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად, ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.