„გაიმართება მჯდომარე აქცია" | ოპოზიცია 2 მარტის აქციის ფორმებზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებმა მომდევნო დღეებში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს. როგორც ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ამბობს, 2 მარტს დეპუტატებს გადაადგილებას არ შეუზღუდავენ, თუმცა შეუქმნიან დისკომფორტს.

„ვისაუბრეთ 2 მარტის აქციაზე, რომელიც გაიმართება პარლამენტის შენობასთან. ეს იქნება პიკეტირების აქცია, ის მიზნად არ ისახავს, რომ დეპუტატებს შეეზღუდოთ შესვლის შესაძლებლობა, თუმცა აუცილებლად შევუქმნით დისკომფორტს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, როდესაც აქციის მონაწილეები მაგალითად გზის სავალ ნაწილზე სხდებიან, იმისთვის, რომ მანქანით გადაადგილება არ იყოს შესაძლებელი.

შეუძლიათ, რომ გადმოსხდნენ საკუთარი ძვირადღირებული მანქანებიდან და საფეხმავლო გზით თავისუფლად შევიდნენ სამუშაო ადგილას”, – ამბობს ბოკუჩავა.

„ლელო საქართველოსთვის” წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის მხარდამჭერები 2 მარტს პარლამენტის ყველა შესასვლელთან მჯდომარე აქციას გამართავენ.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ როგორი ფორმის აქცია გაიმართება 2 მარტს, როდესაც პარლამენტში სასესიო კვირა გაიხსნება. დილის 09:00 საათიდან პარლამენტის შესასვლელებთან გაიმართება მჯდომარე აქცია, შესასვლელები თავისუფალი იქნება და დეპუტატებს შეეძლება შესვლა პარლამენტის ყველა შესასვლელიდან, უბრალოდ, მჯდომარედ, მშვიდობიანი ფორმით კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს. გავაჟღერებთ ჩვენს მოთხოვნებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის შესახებ”, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.


ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავს, 5 მარტს კი მთავრობის ადმინისტრაციის.