გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს - ბრიტანეთის საელჩო

პუბლიკა

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს, სადაც მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და განმუხტონ დაძაბულობა.

„ახლა რთული ვითარებაა. როგორც მეგობარი, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესშია. საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამია საელჩოს ტვიტში.


გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დღეს კი, პრემიერი გიორგი გახარია გადადგა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული სხვადასხვა გამოწვევისა და რისკის პირობებში, პოლიტიკური ესკალაციის დრო არ არის. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მან გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია და ამიტომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით, შსს-მ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ოპოზიცია კრიზისიდან გამოსავალს რიგგარეშე არჩევნებში ხედავს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, ფასილიტარორების ჩართულობით დაიწყოს მოლაპარაკებები ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.