„20 ივნისს იყო დაშვებული შეცდომები. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს იყო აღკვეთა ძალადობრივი შტურმის პარლამენტის შენობაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივად ცვლილებას. ჩემთვის, მაშინდელი შს მინისტრისთვის ამის არდაშვება იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, – თქვა მან.
გახარია ამბობს, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობა” იყო. ყოფილი პრემიერის თქმით, ამ დღეს ენმ-მა აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და პოლიცია „ერთმანეთს შეატოვა”.
„შს სამინისტროს თითოეული თანამშრომელი იდეოლოგიურად, ფასეულობებით და ემოციურად იდგა იმ დემონსტრანტების გვერდზე, მაგრამ საბოლოოდ ეს აქცია გარდაიქმნა ძალადობრივ შტურმად პარლამენტის შენობაზე, რომელსაც შს სამინისტრო ვერ დაუშვებდა. ამ შტურმის სულისჩამდგმელები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, რომლებიც იქიდან გაიპარნენ, და პოლიცია და ხალხი შეატოვეს ერთმანეთს”, – თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას ჟურნალისტმა ჰკითხა, რამდენად ხედავდნენ საფრთხეს და შეეძლო თუ არა 20 ივნისს შეკრებილ ხალხს მაშინ ხელისუფლების რეალურად შეცვლა. გახარია ამბობს, რომ თუ შტურმი განხორციელდებოდა პარლამენტის შენობაზე, ხელისუფლება შეიცვლებოდა.
„რა თქმა უნდა, შეიცვლებოდა. დარწმუნებული ვარ”, – თქვა გახარიამ.
გახარიამ გავრილოვის საქართველოში შემოყვანაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ის არასასურველი ვიზიტორი იყო და „არ იყო ქვეყანაში შემოსაშვები”.
„გავრილოვს არ ვუშვებდით, იმიტომ კი არა, რომ მას რამე დარღვეული ჰქონდა, უბრალოდ ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, არასასურველ ვიზიტორად ჩათვალოს ნებისმიერი პირი და ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ეს ვაჟბატონი ქვეყანაში შემოსაშვები არ იყო, მაგრამ ამას მოჰყვა შემდეგ მთელი პოლიტიკური დებატები – ეს კაცი თუ არ შემოუშვით, იყო საუბარი, რომ ეს ღონისძიება საერთოდ ჩაიშლება და ამას მოჰყვება საერთაშორისო სკანდალი და ბლა ბლა. არ მახსოვს დეტალები. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ვაჟბატონი აღმოჩნდა საქართველოში. მაგრამ მე როგორ განვსაზღვრავდი, ეს კაცი სად ჩაჯდებოდა? სად ჩასვამდნენ?”, – თქვა მან.
გახარია ამბობს, რომ არცერთმა მედიასაშუალებამ არ გააშუქა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მისი თქმით, „დეტალურად არის აღწერილი 20 ივნისის მოვლენები, სადაც სტრასბურგმა პირდაპირ განმარტა, რომ ეს იყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტის შენობაზე, იმავე სიტყვებით, რასაც ჩვენ ვამბობდით”.
2023 წლის 7 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მისი დაკავებისას თავისუფლების, უსაფრთხოების უფლების დარღვევასა და უფლებების შეზღუდვის გამოყენების ფარგლების დარღვევაზე დავობდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი დარღვევა არ ყოფილა. მოვლენების აღწერისას სასამართლომ აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას 2019 წელს, ელექტრონული სამაჯური მიამაგრეს მას შემდეგ, რაც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სასამართლო პროცესების გამართვამდე, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის შენობაში სავარაუდო ძალადობრივი შტურმის მცდელობის ორგანიზებასა და მონაწილეობას ეხებოდა”.