„ჩემს თვალში გიორგი გახარია ჩვეულებრივი მოღალატეა. უფრო მეტიც, ის იშვიათი მოღალატეა, სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„გიორგი გახარია ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნეს-ომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ შს მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. გახსოვთ ალბათ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მმართველობის დროს – კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, პანკისის, გავრილოვის ღამის მართვა და ა.შ, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი ფასი გადაიხადა, პოლიტიკური. მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა.
ერთ-ერთი კრიტიკული დრო, როცა დადგა ქვეყანაში და ჩვენს გუნდში, მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. რა თქმა უნდა, გიორგი გახარიამ უღალატა ჩვენს გუნდს, სახელმწიფოს პირველ რიგში, მიატოვა ქვეყანა, მსოფლიოს ისტორიაში არ მოიძებნება ანალოგი, როცა პრემიერი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ თავზე გასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, როცა წინა დღეს და წინა საათებში ის დაჟინებით, თავად ითხოვდა მის დაკავებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.