„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გაასაჯაროოს იმ ამომრჩევლების სია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელ უბანზე მისცეს მათ ხმა. გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველ მიმართვაზე ცესკოს რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით – დაეცვა აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება, თუმცა პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოწყობილობა დააყადაღა.
„ფაქტობრივად, ახლა ჩვენ გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, არა მხოლოდ ჩვენთვის, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირველ რიგში „ოცნებისთვის“, რომელმაც შეიძლება დაამტკიცოს, რასაც ამტკიცებს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა, ამისთვის ერთადერთი საჭიროა ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება ამ ადამიანებისთვის წვდომის მიცემა, რომ თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს, სად და როდის მივეცით ხმა. იმის მაგივრად, რომ „ოცნებას“ ეს გაეკეთებინა, „ოცნებამ“ პროკურატურის საშუალებით უბრალოდ ტყვეობაში აიყვანა, დააყადაღა და ფაქტობრივად დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც ფეიკ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა ამ აღჭურვილობაზე და სრული პასუხისმგებლობა მშვენივრად გადავიდა პროკურატურაზე. […] იმისთვის, რომ ჩვენ ამ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ პატივი ვცეთ და რაიმედ ჩავაგდოთ, უბრალოდ რაიმედ ჩავაგდოთ, მარტივი თხოვნაა – სიები გაასაჯაროვეთ, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი, ან ვთქვათ, რომ არა არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი. ამ გაურკვევლობაში ყოფნა, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო აზიანებს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტის, ტერიტორიულ მთლიანობას ხვალ და ზეგ, სამწუხაროდ, დააზიანებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ხომ „ოცნებამ“ უკვე შეძლო და მოკლა საბოლოოდ, ხომ?! პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა დღეს ამ მომენტისთვის არის მკვდარი და ეს არის „ოცნების“ დამსახურება“, – ამბობს გახარია.
გახარიამ 29 ოქტომბერს მიმართა ცესკოს და მოითხოვა, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო შემდეგი ინფორმაცია:
- მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში;
- რომელ უბანზე მისცა ხმა;
- რომელ საათზე გააკეთა ეს.