გიორგი გახარია ცესკოს სთხოვს, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია:
- მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში;
- რომელ უბანზე მისცა ხმა;
- რომელ საათზე გააკეთა ეს.
„მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს ეს მონაცემები“, – თქვა გიორგი გახარიამ.
გახარია ცესკოს დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება პერსონალურ ინფორმაციას არღვევს და კანონით არის შეზღუდული.
„არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შევიდეს და გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი და მისცეს ხმა. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის, რაც ჩამოვთვალე“, – ამბობს გიორგი გახარია.
მოთხოვნა, რომ გასაჯაროვდეს ამომრჩეველთა ბაზები, „ძლიერმა საქართველომ” და „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გააკეთეს.
პარტიები ამ ინფორმაციაზე ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურ წვდომას ითხოვენ, რათა შედარდეს არჩევნებზე მისული ადამიანებისა და არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების რაოდენობა.