გახარია: ჩემი მთავარი მიზანია, შეიქმნას გარემო, სადაც „ოცნებაც“ მარცხდება და ენმ-ც

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას შეხვდა.

გახარიამ თქვა, რომ კონკრეტულ სახელებზე და გვარებზე საუბარი არ ყოფილა. „ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას ის გარემო, როდესაც „ოცნება“ მარცხდება და „ნაციონალური მოძრაობაც“ მარცხდება“ – თქვა გახარიამ და აღნიშნა, რომ ამ პოზიციას სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს.

მისივე თქმით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და ქარტიის ეს პუნქტი მათთვის მიუღებელია.

„ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, ეს მკაფიო პოზიცია მდგომარეობს შემდეგში, რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნების საშუალებით, ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ოცნება, ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს, ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი, შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენ პოზიციას, რომ „ოცნება“ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს“, – თქვა გახარიამ.

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, „ჩამოშლილი ოცნება იმდენად უსუსურად გამოიყურება“, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხელ თავებში შეიძლება რევანშისტული იდეები კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ რაიმე სახის რევანში არის კატეგორიულად მიუღებელი და ამაში პრეზიდენტიც გვეთანხმება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნიკური მთავრობა არის გამოსავალი, სხვა ყველაფერი არის ტექნიკური საკითხები“, – თქვა გახარიამ.

პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს დაიწყო ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები, „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებულ დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი 7 ოქტომბერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს შეხვდა. მედიასთან კომენტარში კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. კოალიციის პოზიციაა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა დროული, სწორი და რაციონალურია. 8 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან. მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ არჩევნებამდე ამა თუ იმ თანამდებობის პირის დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი.