„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავს, რომ არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, „რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების ლეგიტიმაციის მიღების“.
„მინდა, მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, პირველ რიგში, აშშ-ის ელჩს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს, მინდა გთხოვოთ, ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი და ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის შინაარსი და აზრი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების შედეგებს, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თქვენი სახელმწიფოების ხელმძღვანელები, ევროკავშირის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი, დამოუკიდებელი გამოძიება. ამ არგუმენტებიდან გამომდინარე მინდა გთხოვოთ, არ დაესწროთ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და ამით დავიცვათ საქართველოს მოქალაქეები ნება არ იყოს მოპარული შემდგომ არჩევნებზე და დავიცვათ საერთოდ შემდგომი არჩევნების შინაარსი და აზრი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების მისწრაფება არჩევნებით და მშვიდობიანად ჰქონდეთ შესაძლებლობა, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, შეცვალონ ხელისუფლება“, – თქვა გიორგი გახარიამ.
მან მოქალაქეებს და პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა, იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ხელისუფლებას საპროტესტო ხმა გააგონონ – „რომ არ ვთვლით ამ არჩევნებს არც სამართლიანად, არც დემოკრატიულად და შესაბამისად არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს მანამ სანამ არ ჩატარდება სრულფასოვანი, დამოუკიდებელი, ნეიტრალური გამოძიება და ყველა კითხვას, ლეგიტიმურ კითხვას როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, გაეცემა სრულფასოვანი პასუხი“.