გახარია: ევროპაში ლეტალურობის კოეფიციენტით საქართველო ბოლო ადგილზეა

პუბლიკა

ქვეყანაში შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან ქვეყანაში ჩატარებულ სეროპრევალენტურ კვლევაზე ისაუბრა.

„გუშინ დასრულდა ქვეყანაში სეროპრევალენტური კვლევა (რომელიც ტარდება შერჩევითი მეთოდით). დახურულ ინფიცირებულ და სრულად სუფთა რეგიონში  (არ დავასახელებ რომელში) შერჩევითად მოხდა 300-300 ადამიანის ტესტირება. რეალურად ორი – G და M ანტისხეულისა და ანტიგენის მატარებელი გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შიდა გადაცემის სივრცე სრულად არის ჩაკეტილი”, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ევროპაში, 49 ქვეყანას შორის ლეტალურობის 0.3 კოეფიციენტით საქართველო ბოლო ადგილზეა, ინფექციის გავრცელების სისწრაფით კი 123-ე ადგილზე.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ჯერ ამ ეტაპზე ვირუსი კონტროლზე გვყავს. რაღაცა შეიცვლება? ყველა ის შემსუბუქება არის იმ რეჟიმში გაკეთებული, რომ უკან გადახვევის ინსტრუმენტს ვიტოვებთ. უნდა გვქონდეს სწრაფი უკან გადახვევის შესაძლებლობა “, –  განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი პასუხობდა დეპუტატების კითხვას – რამდენად პროპორციულად ხდება პანდემიასთან ბრძოლაში ნაბიჯების გადადგმა ეკონომიკის კუთხით?

„ეს არის ფუნდამენტური საკითხი, პანდემიის დამარცხება, ან კონტროლზე აყვანა გაუაზრებელი ფასით – გამარჯვება არ იქნება. რადგან შემდგომ უკვე გლობალურ კონკურენციაში წავაგებთ ერთმნიშვნელოვნად. ამიტომ ახლა ამ ბალანსის დაჭერას ვცდილობთ. ამიტომ არ დაგვიხურავს სრულად ეკონომიკა…

თემა რა არის: სად არის ის კორიდორი, სადაც ქვეყანამ კრიზისი შესაძლებლობად უნდა აქციოს და გაძვრეს – სისტემური, სტრუქტურული მონიტორინგი ინფექციის გავრცელების. ამისთვის საჭიროა ლაბორატორიების ქსელი, ათობით მილიონი ლარი უნდა იყოს ინვესტირებული, და მუდმივი კვლევები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით – სეროპრევალლენტური კვლევა უნდა ჩატარდეს.

მომავლის მიზანი რა არის – საქართველო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ინფექციის ნებისმიერი გამოვლინება ქვეყანაში სწრაფად აღმოაჩინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ნორმალურ ცხოვრებაში. ეს არის ერთადერთი მოდელი, როგორ შეიძლება – მეორე ტალღა იქნება, მესამე თუ მეხუთე – რომ ეკონომიკა ისეთი შოკის ქვეშ, როგორც ახლა, არ დავაყენოთ. ეს არის ის მოდელი, რომლითაც მივდივართ. რეალურად ეს ბალანსი, რა დაჯდება ქვეყნისთვის ეკონომიკურად – რომ ჩვენ ვირუსი გამოვავლონით, ვუმკურნალოთ, შესაბამისად მთლიანად სოციალურმა, ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სისტემამ ვირუსის მართვის პროცესში ადაპტაცია გაიაროს, ამაში უნდა გადავიხადოთ მინიმალური ფასი. მერწმუნეთ, ჯერჯერობით ცუდად არ მივდივართ”, – განაცხადა გახარიამ.