გახარია გვარამიას საქმეზე: პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ EU-ში ინტეგრაციას ხელს ვერ შეუშლის

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც EU-ში კანდიდატის სტატუსის საკითხზე ისაუბრა, ასევე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

როგორც მან თქვა, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თუმცა, როგორც ის მიიჩნევს, ეს საქმე ევროინტეგრაციას ხელს არ შეუშლის.

„მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ეს საქმე [ნიკა გვარამიას] ვერ შეუშლის და არც უნდა შეუშალოს. ჩემთვის ნათელია, რომ ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. მაგალითი ერთი – ეს საქმე მიმდინარეობს წლებია, ანუ ამ საქმეზე განაჩენი შეიძლებოდა დამდგარიყო ერთი ან ორი კვირით ადრე ან ერთი თვის შემდეგ. გასაგებია, რომ ადამიანებმა მომენტუმი ამოარჩიეს სპეციალურად.

მეორე, ამ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს რამდენიმე „ოფცია“, სასჯელის, ბევრად უფრო მსუბუქის, რომელიც არ შეუშლიდა ხელს იმ შემთხვევაშიც, როცა ნიკა გვარამია დამნაშავეა, სასჯელი აღსრულებულიყო, მაგრამ მას პროფესიული უფლებების შესრულება გაეგრძელებინა.

…თვითონ მეთოდი როგორც გაკეთდა, სულ რომ 100%-იანი სწორი იყოს განაჩენი, რაშიც მე ეჭვს ვერ შევიტან, რადგან საქმე არ ვიცი და მოსამართლე არ ვარ, მაგრამ ის, თუ როგორ იყო ეს პროცესი წარმართული და რა ნაბიჯებიც გადაიდგა, აშკარად აჩვენებს ყველასთვის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.