„გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი მიმართავს „ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს და მოუწოდებს, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მოქალაქეებს სამ კითხვაზე გასცეს პასუხი.
გახარია აცხადებს, რომ მხოლოდ ამ კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემის შემდეგ ექნება ივანიშვილს „მორალური უფლება“, რომ მშვიდობაზე ისაუბროს.
„გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის, თუმცა მოვუწოდებთ, საქართველოს მოქალაქეებს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი და განუმარტოს, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ სამ კითხვაზე:
- რა ფორმით და რა პირობით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ, როცა არც რუსეთის ფედერაცია და არც ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტული რეჟიმების პოზიცია არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიებიდან გაყვანის შესახებ;
- რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას?
- დასავლეთთან დაპირისპირება და როგორც შედეგი, საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს ივანიშვილი არაღიარების პოლიტიკის დაცვა?
მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხის გაცემის შემთხვევაში შეუძლია მას და აქვს მორალური უფლება, საერთოდ ისაუბროს მშვიდობაზე და ქვეყნის გამთლიანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი საუბრები წინასაარჩევნოდ შეფასებული იქნება, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს პერსონალურად, მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, არ უნდა წყდებოდეს ბნელ ოთახებში გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით – ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ, თუ ვინმე გეგმავს დავუშვათ კარგ საქმეს, საქმის კურსში მაინც ჩაგვაყენეთ, იქნებ გემხრობით?”, – განაცხადა გახარიამ.
14 სექტემბერს გორში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შეეხო „თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე“. – მიმართა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.” – თქვა ივანიშვილმა.