გახარია: კიდევ ერთხელ, მზად ვარ, 2 ივლისს ჩავერთო საგამოძიებო კომისიის სხდომას

პუბლიკა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მინდობილი პირი „ოცნების“ პარლამენტში შექმნილ თეა წულუკიანის კომისიას წერილით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ გახარია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, 2 ივლისის სხდომაზე კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

წერილში აღნიშნულია, რომ პარტიამ „23 ივნისის სხდომაზე, ვერ მოისმინა ვერცერთი იურიდიული ან/და ლოგიკური არგუმენტი, კონკრეტულად რით შეეშლება ხელი კომისიას დისტანციური გამოკითხვისას, თუ იგი რეალურად დაინტერესებულია ჩორჩანასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებების ვერბალურად მოსმენით.“

ასევე წერილში ნათქვამია, რომ გახარიასთვის დისტანციური საშუალებით გამოკითხვაზე უარის თქმა „წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა“.

გთავაზობთ წერილს სრულად:

„ქალბატონო თეა, როგორც გიორგი გახარიას წარმომადგენელი და მინდობილი პირი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიასთან“ ურთიერთობის საკითხში, გიორგი გახარიასთან კომუნიკაციის შემდეგ, გიორგი გახარიას სახელით კიდევ ერთხელ გიდასტურებთ მის მზაობას, თქვენ მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, თქვენი კომისიისთვის ახსნა-განმარტების მიცემასთან დაკავშირებით.

როგორც თქვენთვის კარგად ცნობილია, გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, არის საზღვარგარეთ, რამდენიმე კვირის წინ დაგეგმილ შეხვედრებზე. მისი დატვირთული, უკვე დაგეგმილი გრაფიკისა და კომისიის შეზღუდული დროის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას და გთავაზობთ დისტანციურ ჩართვას თქვენი კომისიის მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, რის შესაძლებლობასაც იძლევა თქვენი კომისიის დებულების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი.

აღნიშნული შემოთავაზება გიორგი გახარიას კომისიაზე პირველი გამოძახებისას, თქვენი კომისიისგან ერთხელ უკვე მივიღეთ.

აქვე გვსურს დავაფიქსიროთ, რომ 2025 წლის 23 ივნისის სხდომაზე თქვენი კომისიის წევრების მხრიდან გიორგი გახარიას დისტანციური საშუალებით გამოკითხვის შეთავაზების საკითხის განხილვას, მოჰყვა ისეთი სახის შეფასებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ასევე თქვენივე კომისიის დებულებას.

ზემოხსენებული არცერთი სამართლებრივი აქტი არ აკეთებს თქვენს საგამოძიებო კომისიაზე გამოსაკითხი პირების სტატუსებს შორის რაიმე სახის დიფერენცირებას, არ არსებობენ დაზარალებულის, მოწმის ან ბრალდებულის სტატუსის მქონე გამოსაკითხი პირები საგამოძიებო კომისიაზე, შესაბამისად არ არსებობს გამოსაკითხი პირებისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის განსხვავებული პროცედურული თავისებურებები უფლებრივ ჭრილში.

23 ივნისის სხდომაზე, ვერ მოვისმინეთ ვერცერთი იურიდიული ან/და ლოგიკური არგუმენტი, კონკრეტულად რით შეეშლება ხელი თქვენს კომისიას დისტანციური გამოკითხვისას, თუ იგი რეალურად დაინტერესებულია ჩორჩანასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებების ვერბალურად მოსმენით.

მიუღებლად მივიჩნევთ იმ ფაქტს, რომ თქვენი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე წინასწარ დააფიქსირა პოზიცია გამოსაკითხი პირის – გიორგი გახარიას, როგორც პასუხისმგებელი/დამნაშავე პირის მიმართ კრიტიკული გამოკითხვის მეთოდის გამოყენების აუცილებლობაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საპროცესო კანონმდებლობით დაცულ უდანაშაულობის პრეზუმფციას, რის თანახმადაც ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დროებითი საგამოძიებო კომისიის თანამდებობის პირები მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნილ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამართლიანად და მიუკერძოებლად.“

საქართველოს პარლამენტის წევრის, შესაბამისად თქვენი საგამოძიებო კომისიის წევრის მხრიდან კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის ფაქტი აუცილებლად მხედველობაში უნდა მიიღოს თქვენმა კომისიამ გიორგი გახარიას სხდომაზე დისტანციური მეთოდით გამოკითხვის საკითხის გადაწყვეტისას, იმ ფონზე, როდესაც გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე ფართომასშტაბიანი სახელისუფლებო კამპანიის ფარგლებში უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ჟღერდება დაუსაბუთებელი ბრალდებები და აშკარად და უხეშად ირღვევა პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ თქვენი საგამოძიებო კომისიის მიმდინარე სხდომებზე დისტანციური მეთოდით, საჯაროდ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა არაერთ პირს: გიორგი ბურჯანაძეს, მიხეილ ქარელს, გოჩა კაკოიშვილს, ნონა ყაულაშვილს, დავით ბაქრაძეს და სხვებს.

შესაბამისად, გიორგი გახარიასთვის დისტანციური საშუალებით გამოკითხვაზე უარის თქმა წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა, მით უფრო, როდესაც თქვენივე საგამოძიებო კომისიის დებულების მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი გამოსაკითხი პირის საზღვარგარეთ ყოფნას მიიჩნევს მისი დისტანციური მეთოდით გამოკითხვის აუცილებელ წინაპირობად, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

ამასთან, 23 ივნისის სხდომაზე, თქვენთვის კარგად იყო ცნობილი გიორგი გახარიას საზღვარგარეთ წინასწარ დაგეგმილი რამდენიმე კვირიანი ვიზიტით ყოფნის შესახებ ინფორმაცია, რაც გამორიცხავდა 2 ივლისის სხდომაზე მისი ფიზიკური მონაწილეობის შესაძლებლობას.

თქვენი და თქვენი კომისიის წევრების მხრიდან საჯაროდ, თქვენი კომისიის ფორმატსა თუ სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გაჟღერებული მიკერძოებული განცხადებები და ბრალდებები, დისტანციურ გამოკითხვაზე უარი და ამ საკითხთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გიორგი გახარიასთვის ცხადყოფს, რომ თქვენი კომისია შესაძლოა ბოროტად იყენებდეს თავის „მანდატს“ მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, რადგან, მისი შეფასებით, როგორც ჩანს, თქვენი რეალური მიზანი არ არის ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით პასუხების მოსმენა, რადგან თქვენი მხრიდან უარგუმენტოდ იბლოკება გიორგი გახარიას მზაობა, კომისიის მიერ მოთხოვნილ დროს – 2025 წლის 02 ივლისს, 11:30 სთ-ზე, დისტანციურად ჩაერთოს კომისიას ახსნა-განმარტების მისაცემად.

ამიტომ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილოთ აღნიშნული საკითხი და გონივრულ ვადაში გვაცნობოთ დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს გიორგი გახარია რა ტექნიკური საშუალების, ელექტრონული კომუნიკაციის რომელი პროგრამით ჩაერთოს თქვენი საგამოძიებო კომისიის სხდომაში“, – ნათქვამია წერილში.


16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს.

თეა წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს.

გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 14 აპრილს გამოჰკითხა. სხვა თემებთან ერთად, კომისიამ გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც დაუსვა შეკითხვები.

კითხვები ძირითადად ეხებოდა საგუშაგოს გახსნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

კერძოდ იმას – იყვნენ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული სხვა უწყებები; რა იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პრემიერ-მინისტრმა; იყო თუ არა დაცული ე.წ. ფორმალური ნაწილი.

კითხვების ნაწილი საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. წულუკიანი ამბობს, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ საქართველომ დაკარგა 110 ჰექტარზე მეტი ტყე და ასევე საპასუხოდ, სეპარატისტებმა ჩადგეს ხუთი საგუშაგო, რომელიც მანამდე ამ ტერიტორიაზე არ მდგარა.

გახარიას შეფასებით წულუკიანი „ცდება“ და ყველაფერი პირიქით მოხდა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტები, რუსების მიერ მოტანილი „მორიგი ყალბი რუკის“ საფუძველზე, რომელიც, სავარაუდოდ, 1922 წლით თარიღდებოდა, გეგმავდნენ საქართველოში 28 სხვადასხვა წერტილზე საოკუპაციო ხაზის შეცვლას. გეგმის განხორციელებას იწყებდნენ ჩორჩანადან, ამიტომ საქართველომ დაასწრო სეპარატისტებს და ჩადგა საგუშაგო, რითაც არ დაუშვა საოკუპაციო ხაზის შეცვლა.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.