პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ თეა წულუკიანის კომისიაზე პრემიერის თანამდებობიდან გადადგომასა და 2021 წლის 23 თებერვალს ნიკა მელიას დაკავებაზე ისაუბრა.
გახარიას განცხადებით, გადადგომა უკავშირდებოდა არა იმას, რომ ნიკა მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო, არამედ იმას, რომ „ივანიშვილმა ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე”.
„ენმ-ის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
იმ ღამეს დაიწყო საპოლიციო ძალების მომზადება და რაღაც მომენტში მე გამიჩნდა აზრი, რომ დავიწყოთ საუბარი, იქნებ დღეს კი არ დავაკავოთ გამთენიისას, დავაკავოთ ხვალ საღამოს, ან ზეგ საღამოს – დღეებზე იყო აქ საუბარი. იქ დაპირება იყო გაცემული, რომ დასაკავებელია და ამ დაპირებას მე ყოველთვის ვასრულებდი და შევასრულებდი.
ამის შემდეგ, ვუკავშირდები პოლიტსაბჭოს ყველა წევრს, ვუკავშირდები მთავრობის ყველა წევრს და ვეუბნები, რომ “მეგობრებო, დილით ადრე, 8 საათი შემოგთავაზეთ თუ არ ვცდები, პოლიტსაბჭოს სხდომა ხომ არ მოვაწყოთ, რომ როგორ გავაკეთოთ” იმიტომ, რომ რეალურად, დავინახე სერიოზული შეჯახების რისკი არსებობდა.
ამასობაში მე ჩემი კაბინეტის წევრებთან, შს მინისტრთან, სუს-თან, ყველასთან კავშირზე ვარ, ინფორმაციები მომდის – ამ მიწერილზე ქალბატონმა თეამ, მე ეს ტექსტები მახსოვს; როდესაც თქვენ ამბობდით, რომ დღეს, ამ პირობებში, ამ გარემოში ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანიც საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია.
ვციტირებ, თქვენ მოიწერეთ ეს – თუ საჭიროა „ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ […] ამის შემდეგ, ბევრი პოლიტსაბჭოს და მთავრობის წევრებიც, მე არ ვიტყვი ახლა უმრავლესობას, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ჩემს აზრზე – მერე უცებ ეს ხალხი ყველა გაქრა – ეს იყო ის უხილავი კაცის ხელი.
ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც მთავრობის ხელმძღვანელს უნდა ექვემდებარებოდეს, რომელსაც ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი „აბა გდდ-ის ძალებში რა ხდება?” უბრალოდ სიმართლეს ვერ მეუბნებოდა.
პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვებთანაც, სამართავად შემოვიდა ივანიშვილი და პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი.
ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა, ჩემი გადადგომა გამოწვეული იყო იმით, რომ არც თქვენ და არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის სჭირდებოდა. მე არ გადავმდგარვარ მელიას გამო, ეს გამორიცხული საკითხია”, – თქვა გახარიამ.
გახარიამ განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებზე ზემოქმედება არავის მოუხდენია, „ოცნების” გუნდი კი ბიძინა ივანიშვილმა შეაშინა.
„თქვენ შეგეშინდათ ბიძინასი, რომელმაც დაგირეკათ და გითხრათ: გაჩუმდით, ერთი ადგილი მიაყენეთ და რაც არის გასაკეთებელი გააკეთეთო! – თქვენ ამის შეგეშინდათ და მეტი არაფრის! მე ამიტომ გადავდექი“, – თქვა გიორგი გახარიამ.
მან უპასუხა შეკითხვას, რატომ არ დააკავა ნიკა მელია, თუკი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაკავებისთვის მზად იყო.
„თქვენ მელია დააკავეთ ისე და იმ ფორმით, რომ შემდეგ გაშვება მოგიწიათ – ნაცვლად იმისა, რომ მელია დღეს სასჯელს იხდიდეს, არის გარეთ. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ახლა გარეთ კი არ იყოს, უნდა იყოს ციხეში. თუ მელია დაკავებული იქნებოდა ისე, როგორც ის მაშინ დააკავეს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, რომ ის გარეთ იქნებოდა. მელია ისე უნდა დაკავებულიყო, რომ ამნისტიის საკითხი არ დამდგარიყო. ეს არის მთავარი!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თეა წულუკიანის შეკითხვაზე, ურჩიეს თუ არა უცხოელმა ელჩებმა, რომ არ დაეკავებინა ნიკა მელია და წასულიყო ოპოზიციაში, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ოპოზიციაში „ბიძინა ივანიშვილმა გაიყვანა“.
„მკაფიოდ გეუბნებით, ოპოზიციაში გამიყვანა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ თუ არ გინდათ. თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს, მოგყვებით ბოლომდე“, – განაცხადა გახარიამ.