გახარია მიუნხენში ლატვიის და საფრანგეთის მინისტრებს შეხვდა

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიუნხენში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში.

გახარიას ცნობით, საფრანგეთის მინისტრთან ევროპის საკითხებში – ბენჟამინ ჰადადთან შეხვედრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხო.

„პრეზიდენტ მაკრონის ლიდერობა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ძალისხმევის მობილიზებისას საქართველოსთან მიმართებით. მე ღრმად ვაფასებ მის ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული გზისადმი. ის მტკიცედ დგას დემოკრატიის უკუსვლისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და შესაბამისად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში არსებული კრიზისის მოგვარებაში. ახლა მკაფიო ზომების მიღებაა საჭირო პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, დემოკრატიულ პირობებში ახალი არჩევნების ჩასატარებლად და რუსული გავლენებისგან რეგიონული უსაფრთხოების დასაცავად“, – დაწერა გახარიამ სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს საქართველოში არსებულ პოლიტიკულ კრიზისსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ესაუბრა.

„ხაზი გავუსვი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას, ახალი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების აუცილებლობასა და საერთაშორისო უსაფრთხოების რისკებს – როგორ იყენებს რუსეთი საქართველოს კრიზისს საკუთარი გავლენების გასაფართოებლად“, – დაწერა გახარიამ.

პარტიის „გახარია-საქართველოსთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონფერენციის ფარგლებში გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

ასევე, ექნება პირისპირ, ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ამერიკულ და ევროპულ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციებთან.