გახარია: „ოცნების" სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ „მმართველი პარტიის სამარცხვინო ქმედებების“ მიუხედავად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. გახარია აშშ-ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დასავლეთმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

„მადლობას ვუხდით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს – ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივ სამიტზე გამოხატული მხარდაჭერისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული პერსპექტივის მიმართ.

იმედია, მმართველი პარტიის სამარცხვინო ქმედებების მიუხედავად, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, კანდიდატის სტატუსს მივიღებთ”, – წერს გიორგი გახარია.

 

აშშ-ევროკავშირის სამიტი 20 ოქტომბერს გაიმართა. დღეს მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი და ნათქვამია, რომ აშშ და ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური პერსპექტივის მხარდაჭერას და ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპულ გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

20 ოქტომბერს, სამიტის ფარგლებში ვაშინგტონში ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდნენ.