გახარია: ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას აპირებს.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო… ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობა ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი ვიდრე პარლამენტი“, – აცხადებს გახარია.


2018 წლის დეკემბერში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შესთავაზებდნენ.

„ეს იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი, სადაც, პირველ რიგში, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისს შევთავაზებთ, რითაც, გარკვეულწილად, ადამიანების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა სერვისი იქნება, როგორც, მაგალითად, თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურების ცენტრი, სადაც მოსახლეობას 50-მდე სერვისი მიეწოდება. ანალოგიურად იქნება დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, როგორიცაა: 112, დაცვის პოლიცია, შსს-ს აკადემია და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებიც სამინისტროს შიგნით მუშაობს“, – აცხადებდა მეზვრიშვილი.