გახარია: რუსეთის საგარეოს განცხადება და ის, რაც აფხაზეთში ხდება, აღიარების პროცესის დაწყებაა

პუბლიკა

გიორგი გახარია ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება და ის პროცესები, რომლებიც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, აფხაზეთის აღიარების პროცესის დაწყებაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 ნოემბერს, 5-6 ნოემბრის ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებთან „საზღვრების დელიმიტაციისკენ” მოუწოდა.

კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე რუსულმა დელეგაციამ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან „შემრიგებლური” სიგნალები „პრაქტიკულ განზომილებაში” უნდა გადაითარგმნოს, რაც, მათი თქმით, პირველ ყოვლისა მოიცავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის „საზღვრების” დელიმიტაციისა და შემდგომ დემარკაციის პროცესს.

რაც შეეხება აფხაზეთს – აქ 15-16 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა უნდა მოახდინოს აფხაზეთის „მთავრობასა“ და რუსეთს შორის გაფორმებული „საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაცია. შეთანხმება უცხოელებისთვის, ანუ რუსეთვის მიწის ყიდვის უფლების მინიჭებას გულისხმობს.

„შეთანხმება მოიზიდავს დამატებით რუსულ ინვესტიციებს რესპუბლიკის ეკონომიკაში და, ამრიგად, ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმის, სანატორიუმების მკურნალობისა და დასვენების განვითარებას. მისი მოქმედება მიმართულია დამხმარე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე – გაზმომარაგება, წყალმომარაგება, სითბოს მიწოდება, ტრანსპორტი, სოციალური და ციფრული ინფრასტრუქტურა”, – თქვა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არც ერთ ამ პროცესზე განცხადება არ გაურცელებია. კომენტარი არ გაუკეთებია პრემიერ-მინისტრს.

„გამოდის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ გვყავს, არ არსებობს. იმიტომ, რომ ეს ხალხი არანაირ განმარტება არ აკეთებს, რა ხდება აფხაზეთში. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს და თითოეულ პოლიტიკურ ძალას, ყურადღება მივაქციოთ იმას, რაც დღეს ხდება აფხაზეთში“, – თქვა დღეს გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ” „სამართლებრივი და მორალური ბაზისი და საფუძველი შეუქმნა რუსეთის ამ ქმედებებს“.

ექსპრემიერი ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს „ომის გამჩაღებელი „ნაციონალური მოძრაობაა” და ამის არაერთი სამტკიცი” არსებობს“. კამპანია, რომ აგვისტოს ომის მთავარი დამნაშავე ენმ-ის ხელისუფლება და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ივანიშვილმა და მმართველი პარტიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ გაიმეორეს.

გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდიდან იმეორებს, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებენ“ და რომ რუსეთის სანქცირების მოთხოვნა მმართველი პარტიის კრიტიკოსების მხრიდან სწორედ „მეორე ფრონტის“ გახსნას ემსახურება.

გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთის ფედერაცია ითხოვს ცეცხლის არგანახლების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას“.

საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

თუმცა რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას.

გახარია ამბობს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილმა და  „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების გამო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საფრთხე შეუქმნა.

მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში ახსენა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის თანახამადც, „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.

„ეს არის ე.წ. დამოუკიდებლობის აღირების პროცესის დაწყება, თავი  რომ დავანებოთ იმ ანექსიური პროცესების უმძიმეს სახეს, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება.

საბოლოო ჯამში, „ოცნება“, რომელიც საარჩევნო კამპანიაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უზარმაზარი რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ხელი შეუწყო იმას, რასაც დღეს რუსეთის ფედერაცია იყენებს იმ ნაბიჯების გასამართლებლად, რასაც აკეთებენ აფხაზეთში.

ოფიციალურად, ივანიშვილს არანაირი რესურსი იმისთვის, რომ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით რამე შეთანხმებას ან პროგრესს მიეღწია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთთან, არ გააჩნია. ერთადერთი, რაც „ოცნებას“ და ივანიშვილს გააჩნიათ, არის რაც შეიძლება მეტი რუსული ფული აკეთონ.

მერწმუნეთ, რუსეთის ფედერაციისთვის კორუმპირებული, სუსტი, არალეგიტიმური ხელისუფლება არის საჩუქარი.

აშკარაა, რომ ისინი არიან უზომოდ უკმაყოფილოები იმით, რომ „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო“, – თქვა გიორგი გახარიამ.