პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „ჩამობოდიალება“ მმართველი პარტიისთვის საჩუქარი იყო.
გახარია ფიქრობს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა და მისი დაკავება 2021 წლის არჩევნებამდე 1 დღით ადრე დამთხვევა არ ყოფილა.
„დღეს რასაც აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის საჩუქარი ოცნებისთვის, ზუსტად ისე, როგორც მიშა სააკაშვილის ჩამობოდიალება 2021 წლის არჩევნების წინ იყო საჩუქარი ოცნებისთვის.
„ოცნება“ იყო ნახევარი ნაბიჯით დაშორებული ძალაუფლების დაკარგვას იმიტომ, რომ დაწესებული იყო 43%-იანი ზღვარი, რომლის ვერ გადალახვის შემთხვევაში, ქვეყანაში ინიშნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დღეს იქნებოდა აბსოლუტურად სხვა პოლიტიკური სურათი.
ზუსტად არჩევნებამდე 2 თუ 3 დღით ადრე, მიშა სააკაშვილი რაღაც გაურკვეველ კონტეინერში ჩამობოდიალდა ბათუმში და მისი დაკავება მოხდა არჩევნებამდე 1 დღით ადრე. ამას მოჰყვა პომპეზური ბრიფინგი და როგორ ფიქრობთ, ეს დამთხვევაა?“, – აღნიშნავს გახარია.
ჟურნალისტმა გიორგი გახარიას სააკაშვილის გათავისუფლების შესახებაც დაუსვა შეკითხვა, ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არ უნდა შეიწყალოს, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილის გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს.
გახარია აღნიშნავს იმასაც, რომ, მიუხედავად ამისა, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება დაცული უნდა იყოს.
„არანაირი კავშირი მიშა სააკაშვილის პატიმრობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. საერთო ჯამში, ნებისმიერი ქვეყნისთვის პრეზიდენტის პატიმრობა ყოველთვის რეპუტაციული პრობლემაა, მაგრამ რეპუტაციული პრობლემაა, როდესაც პრეზიდენტი მოქალაქეობას იცვლის და სხვა ქვეყანაში პოლიტიკურ კარიერას აგრძელებს, როდესაც ამ პრეზიდენტის პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ან გამოუშვით ან ვერ მიიღებთ ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ევროპულ პერსპექტივას.
სააკაშვილის გამოშვება ქვეყნის პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციას გამოიწვევს, ამიტომ ჩვენი ჰუმანიტარული პოზიციის მიუხედვად, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რა თქმა უნდა, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება, მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დღეს პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს. ქართულ პოლიტიკურ პროცესზე ამას ნეგატიური ზეგავლენა ექნება.
მე ვერ ვხვდები რა ახსნა აქვს ან რით ხელმძღვანელობს „ოცნება“, რომ მიშა სააკაშვილს აძლევენ უფლებას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია აწარმოოს სასამართლო დარბაზიდან. მართოს პოლიტიკური პარტია სასამართლო დარბაზიდან და ეს ადამიანი დღეს საქართველოს მოქალაქე საერთოდ არ არის“, – ამბობს გიორგი გახარია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1 ოქტომბერს დილიდან, „ქართული ოცნების” ლიდერები და შსს აცხადებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია და საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, საღამოს კი, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ სააკაშვილი დაკავებულია. მოგვიანებით, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ შსს საგანგებოდ არ ავრცელებდა რეალურ ინფორმაციას, რათა ხელი არ შეშლოდა მიხეილ სააკაშვილის დაკავების ოპერაციას.