დღეს, 14 ივლისს, პარტიამ „გახარია – საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო-ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ „ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა“, რაც მოქალაქეებს აქვთ.
მათივე თქმით, ეცდებიან, შეთანხმდნენ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე ან საერთო პარტიულ კანდიდატებზე.
4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ „ლელო – ძლიერი საქართველოს” კოალიცია და „გახარია – საქართველოსთვის” პარტია.
„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. მისი თქმით, „4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა“.
გიორგი გახარია კი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო დასავლეთის წნეხის შემცირებაზე საუბარი არ შეიძლება და რისკები თეორიულია. მისი თქმით, „ნორმალიზაციისთვის“ წინაპირობები არ შეიქმნება.